პრემიერის დავალების შესაბამისად გვაქვს ტექნიკური საშუალებები, რათა გამოვავლინოთ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც უვიზო მიმოსვლის პირობებს დაარღვევენ , - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა იმ ტექნიკური საშუალებების პრეზენტაციისას განაცხადა, რომლითაც უწყება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროცესის მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს.
როგორც ხუციშვილმა განმარტა, სამინისტროს აქვს სპეციალური პროგრამა, რომლითაც აწარმოებს სტატისტიკას საქართველოდან გასული პირებისა და თუკი მოქალაქე 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანაში არ დაბრუნდება, მის მონაცემებს შს სამინისტრო ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადაუგზავნის.
„ჩვენ უკვე გვაქვს ტექნიკური საშუალებები, რათა გამოვავლინოთ ის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის ვადას გადააჭარბებენ და სხვა მხრივ დაარღვევენ უვიზო მიმოსვლის პირობებს და ამის შესახებ უფრო აქტიურად მივაწოდოთ ინფორმაცია ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებსა და ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებში. არასრულწლოვნებთან დაკავშირებით რჩება იგივე რეჟიმი, რაც დღეს მოქმედებს ანუ საჭიროა მშობლების თანხმობა, ან ბავშვი უნდა მიდიოდეს მშობლების თანხლებით. რაც შეეხება ნასამართლევ პირებს, თუ ვინმე საქართველოშია ნასამართლევი და სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება, მაგალითად, არის პრობაციონერი, ან რაიმე სხვა უფლება აქვს შეზღუდული, მას ქვეყნიდან გასვლა არ შეეძლება. სხვა შემთხვევაში კი ნასამართლევ პირებსაც თავისუფლად შეუძლიათ შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, თუ დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რაც დადგენილია შენგენის ზონისთვის“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.