პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF-ის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი კრისტოფ ფონტენი ხელძღვანელობს.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ ისეთი მსხვილი ფრანგული კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა „ეარბასი“, „ალსტრომი“, „სოსიეტე ჟენერალი“, „პომა“, „ობერტიური“, „ივეკო ბასი“, „ბიურო ვერიტასი“ და სხვა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა MEDEF-ის დელეგაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. თავის პრეზენტაციაში მან ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ფრანგული ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი სტრატეგია, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, საინვესტიციო შესაძლებლობები, სტრუქტურული და მმართველობითი რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, MEDEF-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში ფრანგული ბიზნეს-გაერთიანების წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან.