28 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშრისო აეროპორტიდან ბუდაპეშტის, სალონიკის, ლარნაკასა და ვარშავის მიმართულებით ყველა ბილეთი გაყიდულია, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.
ალექსიძის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განსაკუთრებულად მომზადებული ხვდება. ,,ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეისი იქნება ბუდაპეშტის მიმართულებით, სადაც 186-ვე ბილეთია გაყიდული. იგივე მდგომარეობაა სალონიკის, ლარნაკასა და ვარშავის მიმართულებითაც.
„აღსანიშნავია, რომ მგზავრთა ნაკადი დინამიურად იზრდება. ვიზალიბერალიზაცია არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აწინაურებს და კონკურენტუპირატესობას ანიჭებს სხვებთან მიმართებაში. ვიზალიბერალიზაცია ჩვენ გაგვიადვილებს ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან საუბარს“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. „ქუთაისის საერთშორისო აეროპორტში განხორციელდა მთელი რიგი შიდა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს არსებულ მგზავრთა ნაკადის დაკმაყოფილებას. მოხდა გასასვლელის და მოსაცდელი ზოლის დამატება. აეროპორტში დაემატა სარეგისტრაციო დახლები და ბარგის დამუშავების ზონა. დაემატა საპასპორტო კონტროლის ჯიხურებიც. რამდენიმე კვირაში დასრულდება საჰაერო ხომალდების ბაქნის მშენებლობა. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მიმდინარეობს მუშაობა ახალ ტერმინალზე, რომელიც ორჯერ მეტი მგზავრთა ნაკადის გამტარიანობის შესაძლებლობას მოგვცემს. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ათენში გაემგზავრება.
ყველა სახლემწიფო უწყება და მათ შორის აეროპორტიც აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ მგზავრებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ შეზღუდვებთან დაკავშრიებით, რომელიც არსებობს, რომ მათი მგზავრობა იყოს მაქსიმალურად კომფორტული და ამავე დროს მინიმუმამდე დავიყვანოთ საზღვრის არასწორი კვეთა, რათა უკან მობრუნება არავის დასჭირდეს“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.