თბილისში დღეს „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრი გაიხსნება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ლოგისტიკური ცენტრი „მაკდონალდსის“ რესტორნების რეგიონულ მომსახურებას უზრუნველყოფს. გახსნის ცერემონიას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მაკდონალდსის ლოგისტიკის ევროპის დივიზიონის დირექტორი ფილიპ მიდი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია და გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე დაესწრებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრი გათვლილია ამიერკავკასიის რეგიონზე; მისი დაგეგმარების პროცესში ჩართული იყო ევროპის „მაკდონალდსი“ და მისი ოფიციალური პარტნიორი, გერმანული ლოგისტიკური კომპანია „ჰავი“.
„ლოგისტიკური ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ ჰყავს, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ევროპაში აღიარებულ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. საწყობი უზრუნველყოფილია 20 საყინულე, მშრალი და სამაცივრე ზონებით, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ლოგისტიკური მომსახურების პოტენციალის სრულ სპექტრს. პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მაკდონალდსის ლოგისტიკურ ცენტრში დაინერგა სალათის ხაზი, რომელიც ორიენტირებულია ამიერკავკასიის მაკდონალდსის სისტემის სრულ მომარაგებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების თანახმად, ცენტრის სრული ფართობი 3300 კვ. მეტრს, განხორციელებული ინვესტიცია კი 2.3 მილიონ ევროს შეადგენს. ცენტრში დასაქმებულია 30 ადამიანი და შესაძლებელია დღეში 1500 ტონა პროდუქციის გადამუშავება.