ლოგისტიკური კომპანიები ფოთში APM Terminals-ის მონოპოლიური მდგომარეობის გამო პრემიერს მიმართავენ

სატერმინალო ლოგისტიკური კომპანიები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს წერილობით მიმართავენ და დარგში არსებული უმწვავესი პრობლემებით პირადად დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

მიმართვას ხელს 41 კომპანია აწერს. კომპანიების ინფორმაციით, წინა მთავრობის მიერ საბაჟოზე ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვასთან ერთად დარგის მონოპოლიზაცია დაიწყო კონკრეტული ჯგუფების ინტერესების სასარგებლოდ. კერძოდ, კომპანიების განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს, რომ სს ფოთის საზღვაო ნავსადგური ”ეი პი ემ ტერმინალ ფოთი” ყველა საკონტეინერო საზღვაო ხაზს აიძულებს, მომსახურება მის კუთვნილ ტერმინალში, ე.წ. "გეზ"-ის ტერიტორიაზე მიიღოს.

”დანარჩენ საბაჟო-სასაწყობო საქმიანობის ნებართვის მქონე ლოგისტიკურ კომპანიებს შეეზღუდათ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, სრულიად აეკრძალათ მომსახურების განხორციელება. ეს პროცესი დაიწყო 2011 წელს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ შექმნა გაფორმების ეკონომიკური ზონა -„გეზი“, და რაც სამწუხაროდ დღემდე გრძელდება,” - ნათქვამია კომპანიების მიმართვაში.

მათი თქმით, წინა მთავრობამ ეს განახორციელა საკანონმდებლო რეგულაციების გარეშე და მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან სიტყვიერი განკარგულებებით.

APM Terminals, რომელიც Maersk ჯგუფის შემადგენლობაშია და ტერმინალთა გლობალურ ქსელს წარმოადგენს, ფოთის საზღვაო პორტს RAKIA-სთან ერთად მართავს. 2011 წელს APM Terminals-მა რაკიასგან ფოთის პორტის აქციათა 80 პროცენტი შეისყიდა იმ პირობით, რომ 65 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა პორტის განვითარებისთვის და დაასაქმებდა ადგილობრივ მოსახლეობას.

15 იანვარს თბილისში, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე APM Terminals-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კიმ ფეიფერმა განაცხადა, რომ კომპანია დაინტერესებულია არა მხოლოდ ფოთის პორტის არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებით, არამედ გააჩნია უფრო გრძელვადიანი გეგმებიც. მან აღნიშნა, რომ 2013 წლის 11 თვის მონაცემებით, 16%-ით გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვები და ასევე გაზრდილია სატრანზიტო გადაზიდვებიც.

ქართული სატერმინალო ლოგისტიკური კომპანიები შიშობენ, რომ თუკი ახლანდელი მთავრობის პირობებში APM Terminals-ის მონოპოლიზებული მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდება, შეიძლება საშიშროება შეექმნას სატერმინალო ლოგისტიკური მომსახურების დარგის ყველა ტერმინალს.

კომპანიების განცხადებით, ასეთმა მიდგომამ წარმოშვა უამრავი პრობლემა სატვირთო ლოგისტიკის მთლიან დარგში. კერძოდ, კომპანიები შემდეგ პრობლემებს გამოყოფენ:

1. სახელმწიფომ, "გეზ"-ებთან მიმდებარე ტერმინალების ამოქმედებით დაუშვა უპრეცედენტო შეცდომა, როდესაც დაიწყო სატვირთო ლოგისტიკის ბიზნესის წარმოება კერძო ბიზნესის გვერდიგვერდ, რაც იწვევს აშკარა ინტერესთა კონფლიქტს სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის.

2. შეიქმნა ხელოვნური მონოპოლიები. სატვირთო ლოგისტიკის ბაზარზე ხელოვნურად გაჩნდნენ დომინანტები;

3. დაირღვა საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პრინციპი, რამდენადაც ბიზნეს სუბიექტებს შორის არ მოქმედებს თავისუფალი კონკურენციის წესი, რამდენადაც მათ არ ეძლევათ საშუალება სურვილისამებრ აიჩიონ საზღვაო საკონტეინერო ხაზების, ავტოგადამზიდავი კომპანიებისა და ტვირთმიმღებების მომსახურება. ფოთის ნავსადგურის ტერმინალის შემთხვევაში კი, კომპანიები ვარაუდობენ, რომ გაჩნდება საზღვაო საკონტეინერო ხაზების კომერციული საიდუმლოების გამჟღავნების რისკი ერთი კონკურენტის სასარგებლოდ;

4. კომპანიების თქმით, უკვე მესამე წელია სახელმწიფოს მიერ გაცემული საქმიანობის ნებართვის მქონე კერძო კომპანიებს, ზოგიერთ ნაწილში შეეზღუდათ, ხოლო ზოგიერთ ნაწილში სახელმწიფოს (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) მიერ სიტყვიერი განკარგვების დონეზე, საერთოდ აეკრძალათ საქმიანობა;

5. კომპანიები აცხადებენ, რომ დაუცველია ქართველი ინვესტორების ინვესტიციები და შელახულია კერძო მესაკუთრეების უფლებები;

6. გაუქმდა რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი.

გარდა ამისა, კომპანიების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო ფოთის ნავსადგურთან ერთად მუშაობს დამატებითი რეგულაციების პროექტზე, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მიმდინარე წლის მაისის თვიდან ფოთში, საკონტეინერო საზღვაო ხაზებით ჩამოტანილი კონტეინერების მიღება გემიდან აეკრძალება ყველა საკონტეინერო ტერმინალს. აღნიშნული ცვლილება გულისხმობს, რომ გემიდან კონტეინერები ექსკლუზიურად მოხვდება "ეი პი ემ ტერმინალს ფოთი"-ის კერძო ტერმინალში.

”ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა საზღვაო საკონტეინერო ხაზებთან ექსკლუზიურად მომუშავე ფართო ლოგისტიკური ქსელი. შეიქმნა ახალი ბიზნეს მიმართულება, კეთილმოწყობილი იქნა საბაჟო-სატერმინალო ტერიტორიები, შეძენილი იქნა მრავალპროფილიანი ტექნიკა, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. დარგის განვითარებისთვის ქართული კომპანიების მიერ განხორციელებულია 100 მლ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია და დასაქმებულია 5000-ზე მეტი ადამიანი უშუალოდ პირდაპირ ინდუსტრიაში, ხოლო ირიბად, თანმდევი მომსახურებისთვის, დამატებით შეიქმნა კიდევ 1000 სამუშაო ადგილი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნულმა კომპანიამ შეიძინა ფოთის საზღვაო პორტი, საკონტეინერო ტერმინალებს გაუჩნდათ იმედი, რომ ეს კომპანია მოაწესრიგებდა საკონტეინერო გემების ნავმისადგომებს მაინც, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა, არსებული საკონტეინერო ლოგისტიკური ქსელის ჩანაცვლების მიზნით, ანუ სახელმწიფო ფოთის საზღვაო ნავსადგურთან ერთად დაადგა ინდუსტრიის მონოპოლიზაციის გზას,” - ვკითხულობთ კომპანიების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

კომპანიები განმარტავენ, რომ მონოპოლიზაციას განაპირობებს ერთის მხრივ, სახელმწიფოს მიერ ერთი კერძო ტერმინალის სასარგებლოდ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების შეტანა ან შიდაუწყებრივი რეგულაცია-ბრძანებები, ხოლო მეორეს მხრივ - ფოთის ნავსადგურის, როგორც ბუნებრივი მონოპოლისტის მიერ იმდაგვარი სატარიფო რეგულაციის შექმნა, რომელიც სრულად გამორიცხავს კონკურენციას და ბაზარზე დარჩება მხოლოდ ერთი ტერმინალი, რომელიც მხოლოდ ფოთის ნავსადგურის სტრუქტურის განუყოფელი ნაწილი იქნება.

”ეს არის ბუნებრივი მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აშკარა მაგალითი,” - მიაჩნიათ კომპანიებს.

”ჩვენ ნამდვილად გვაქვს შეშფოთების მიზეზი, რადგან უკვე განხორციელებული ანალოგიური რეფორმით, თბილისში დაიხურა ლოგისტიკური ცენტრები და ამ ცენტრებზე მიბმული საბროკერო კომპანიების უდიდესი ნაწილი, რითაც საერთო ჯამში, უმუშევარი დარჩა ათასობით ადამიანი. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მიდგომა გაგრძელდა ფოთშიც, დამატებით მივიღებთ გაუქმებულ უამრავ სამუშაო ადგილს და ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის დონის დაცემას,” - ნათქვამია მიმართვაში.

კომპანიები პრემიერის მოსაზრებას, რომ ქვეყანამ სრულად უნდა გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მიმზიდველობა და გახდეს ლოგისტიკური ჰაბი, სრულიად ეთანხმებიან, თუმცა მიაჩნიათ, რომ რომ სახელმწიფო საქმეს ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს ესა თუ ის სატვირთო მანქანა, ან საზღვაო კონტეინერი, რომელ ტერმინალში მოხვდება დასამუშავებლად. მათი თქმით, ეს პროცესი მხოლოდ თავისუფალმა კონკურენციამ უნდა მართოს.

”აქსიომაა, რომ მონოპოლიის შექმნის შემთხვევაში, აუცილებლად მოხდება სერვისის გაძვირება და მომსახურების ხარისხის გაუარესება. არ შეიძლება ინვესტიციად განხილულ იქნას ისეთი ქმედება, რომელიც თითქოს „ახალ“ სამუშაო ადგილებს ქმნის, მაგრამ რეალურად აუქმებს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შექმნილ და მოქმედ, გაცილებით მეტ სამუშაო ადგილს. ინვესტიციად შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ ის ქმედება, რომელიც ბაზარზე არსებულ კომპანიებს გაუწევს ჯანსაღ და თავისუფალ კონკურენციას, როგორც მომსახურების ხარისხით, ასევე სატარიფო პოლიტიკით და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს,” - მიმართავენ კომპანიები ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით უსუფაშვილს და სთხოვენ, პირადად ჩაერთონ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

კომპანიები აცხადებენ, რომ მათ უკვე მიმართეს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ბიზნესომბუდსმენის ოფისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს, თუმცა უშედეგოდ.