საია: "ეს იგივეა, გამოაცხადო ტენდერი ფეხსაცმლის შეძენაზე და პირდაპირ მიუთითო, რომ გინდა "ადიდასის" ფეხსაცმელი. კანონი იმპერატიულად ამბობს, რომ ეს აკრძალულია"
16 თებერვალს თბილისის მერიამ აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და სატენდერო დოკუმენტაციაში პირდაპირ მიუთითა, რომ ვიდეოპორტალ myvideo.ge-ზე მერიის პროექტების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლების განთავსება სურდა და ამ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას ითხოვდა. დოკუმენტში გაწერილია ვალდებულებები, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს: "ვიდეორგოლები უნდა განთავსდეს myvideo.ge-ზე დასაწყისში (ვიდეო, ფილმი და ტელევიზია) პრე-როლად. ქრონომეტრაჟი - 30 წამი (თითოეული ვიდეორგოლის მიწოდება მოხდება დამკვეთის მიერ ეტაპობრივად). ჩვენებების რაოდენობა - 3 მილიონი... მიმწოდებელი ვალდებულია კამპანიის დასრულებისას გაუგზავნოს შემსყიდველს 3 მილიონი ჩვენების შესრულების დეტალური ანალიზი", - ვკითხულობთ შესყიდვების ობიექტის აღწერაში.
უკვე ცნობილია, რომ ტენდერში "იემ ჯორჯიამ" გაიმარჯა და მასთან მერიამ ხელშეკრულებაც გააფორმა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ტენდერით მერიამ "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონი დაარღვია.
"ასეთი ანომალია რეგიონებშიც კი არ მინახავს"
ლევან ხაბეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი - მედიატორი": - მერიის ქმედება ალოგიკურია, თუ რეკლამის განთავსება კონკრეტულად myvideo.ge-ზე უნდოდათ, პირდაპირ წარემართათ მოლაპარაკება კომპანიასთან და დაედოთ ხელშეკრულება, რა საჭირო იყო ტენდერის გამოცხადება? გამოდის, მერიამ შუამავლის მეშვეობით მიაწოდა კომპანიას გამზადებული ვიდეორგოლები და ეს მეტი დაუჯდა, ვიდრე დაუჯდებოდა, კანონი რომ დაეცვა. ვინმესთვის რომ დაევალებინათ რგოლების მომზადება და შემდეგ განთავსება, მაშინ ტენდერი გამართლებული იქნებოდა, მაგრამ, როცა გამზადებული ვიდეორგოლების განთავსება გინდა და მაინცდამაინც myvideo.ge-ზე, რა საჭიროა შუამავალი, პირდაპირ რატომ არ ელაპარაკები კომპანიას?
თან მერიაში არის შესაბამისი სამსახურები, რომელთაც ტენდერის გარეშე ამის უზრუნველყოფა შეეძლოთ. ტენდერის გარეშე 120-მილიონიანი ხელშეკრულება აქვს მერიას გაფორმებული ისეთ რამეზე, რომლის საჭიროება არ იყო...
ეს დარღვევა და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაა. ამაზე ტენდერის გამოცხადება დანაშაულია, ეს პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, ვინც ეს გამოაცხადა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს, რადგან ორ სუბიექტს შორის მოლაპარაკებაში ჩართო მესამე პირი და ამით გაზარდა ხარჯი.
- მსგავსი დარღვევები სხვა დროსაც აღმოგიჩენიათ?
- ნორმალურია და დარღვევა არ არის, როცა მერიას თავისი სერვისების გაპიარება უნდა, მაგრამ წარმოუდგენელია, ვიდეოს ატვირთვისთვის გამოაცხადო ტენდერი - ეს არის პირველი შემთხვევა და ასეთი ანომალია რეგიონებშიც კი არ შემხვედრია. ეს უმეცრებაა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია თავად myvideo.ge-ს, ესეც არალოგიკურია. თუმცა თბილისის მერიისგან აღარაფერი მიკვირს.
რას პასუხობს მერია
ჩვენ კითხვებით მივმართეთ თბილისის მერიას და მათგან წერილობითი პასუხი მივიღეთ.
- თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი სარეკლამო რგოლის განთავსებაზე კონკრეტულად myvideo.ge-ზე, რატომ არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში კონკრეტული კომპანია?
- თბილისის მერიამ გადაწყვიტა საინფორმაციო რგოლების განთავსება ინტერნეტსივრცეში, რადგან ვალდებულია, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ. საამისოდ შეარჩია ვიდეოპორტალი myvideo.ge, რადგან ის არის რეიტინგით ლიდერი საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი. რეიტინგის გასაზომად კომპანია იყენებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მთვლელებს.
- თუ ეს განკუთვნილი იყო Myvideo.ge-ისთვის, რატომ დაგჭირდათ ტენდერის გამოცხადება და შუამავლის ძებნა. რატომ არ გაფორმდა პირდაპირი ხელშეკრულება?
- myvideo.ge -ზე სარეკლამო მომსახურებას ყიდის არა მხოლოდ თავად ინტერნეტportალი, მას ჰყავს ქვეკონტრაქტორი კომპანიებიც, რომლებიც ასევე ეწევიან myvideo.ge-ზე რგოლების განთავსების მომსახურებას, ანუ myvideo.ge ბაზარზე თავისსავე პორტალზე რგოლების განთავსების სერვისის ექსკლუზიური მომწოდებელი არ არის. ასეთ შემთხვევაში გვაქვს ვალდებულება, ჩავატაროთ ფასთა გამოკითხვა და შემდეგ გაიმართოს ტენდერი, რაც პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა. ფასთა გამოკითხვით დადასტურდა, რომ ბაზარზე ოპერირებს რამდენიმე კომპანია, რომელთა საქმიანობა myvideo.ge-ზე რგოლების განთავსების მომსახურებაა. გამოცხადებულ ტენდერშიც ცხადად ჩანს, რომ ვაჭრობა გაიმართა და გამარჯვებულად გამოცხადდა ის კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა და სრულად დააკმაყოფილა სატენდერო პირობები (მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი: port 80 და UM GEORGIA - NAT 170001616) .
- არასამთავრობოები ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, რადგან შუამავლის გარეშე სახსრებს დაზოგავდით, და რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. უკვირთ, თავად ამ კომპანიამ რატომ არ მიიღო მონაწილეობა.
- myvideo.ge-მ უარი განაცხადა, თავად მიეღო მონაწილეობა ტენდერში და აღნიშნა, რომ ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც, როგორც წესი, მონაწილეობენ ტენდერებში. ეს დაადასტურა კიდეც ტენდერის შედეგებმა, რადგან მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი.
- "შესყიდვების შესახებ" კანონში წერია, რომ დაუშვებელია, მიეთითოს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული მოთხოვნების შესრულება სხვებსაც შეეძლოთ და რატომ მიუთითეთ ეს კომპანია?
- myvideo.ge შეირჩა იმიტომ, რომ ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო პორტალია. მერიის საინფორმაციო რგოლების განთავსება მოხდა სწორედ პორტალზე სატელევიზიო არხების, ფილმებისა და ვიდეორგოლების ჩართვისას, ე.წ. პრე-როლის სახით. მერია შეზღუდული არ არის, განთავსებისთვის შეარჩიოს ერთი კონკრეტული არხი, თუმცა უნდა დაადასტუროს მისი უპირატესობა. Myvideo.ge-ს შემთხვევაში უპირატესობა დასტურდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მთვლელების მეშვეობით.
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 27 მარტის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად