უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირში ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაკვეთეს.
მგზავრთა პირველ ნაკადებს დანიშნულების ადგილას საქართველოს საკონსულოების წარმომადგენლები დახვდნენ.
„ეს იყო პირველი დღე, როდესაც ქართველმა ევროპის ტერიტორიაზე უვიზოდ დააბიჯა ფეხი და ბუნებრივია, გვინდოდა ყველაფერს კარგად ჩაევლო. ასეც მოხდა. დაახლოებით 160-მდე მგზავრი ჩამოვიდა სალონიკში „ვიზეარის“ რეისით. უშუალოდ ვუყურებდი, მაინტერესებდა, რა შეკითხვები იქნებოდა. ყოველგვარი ზედმეტი სირთულის გარეშე გადმოკვეთეს საზღვარი, პატარა შეფერხებაც კი არ ყოფილა იმდენად კარგად ჩაიარა ყველაფერმა, მე თვითონ გაოცებული დავრჩი“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურმა კონსულმა სალონიკში მუხრან გულაღაშვილმა.
კონსული საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, სანამ ევროკავშირის და შენგენის ზონაში მოგზაურობას გადაწყვეტენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გაეცნონ ონფორმაციას, ამა თუ იმ ქვეყანაში რა ფორმალური რეგულაციებია და პრაქტიკული რეკომენდაციები მიიღონ.
„ამით არა მხოლოდ ჩვენ, კონსულებს შეგვიმსუბუქებენ საქმეს, არამედ თვითონაც და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს საკმაოდ წასწევენ წინ იმ თვალსაზრისით, რომ მომზადებულები იქნებიან. ეს არის საშუალება, რომ ევროპელებს საერთოდ დავავიწყოთ ის, რასაც შეჩერების მექანიზმი ჰქვია. ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მუშაობს ცხელი ხაზი, კონტაქტზე ვართ და საჭიროების შემთხვევაში, ავუხსნით ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ყველანაირი მოსალოდნელი გაუგებრობა“, - განაცხადა მუხრან გულაღაშვილმა.
საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები არ შექმნიათ საზღვრის კვეთის დროს არც პოლონეთში. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ესიაშვილომა განუცხადა, საქართველოს ყველა მოქალაქემ საზღვარი ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე გადალახა. მისივე თქმით, დღეს გვიან ღამით პოლონეთში საქართველოდან მგზავრთა ახალ ნაკადს ელოდებიან.
”სასიხარულოა, რომ ვარშავაში პრობლემები არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ თბილისიდან ვარშავაში ყოველდღიურად სრულდება პირდაპირი რეისები და ფრენა პოლონური ავიაკომპანიის მიერ. დღეს ვინაიდან არის მართლაც განსაკუთრებული დღე ჩვენი მოქალაქეებისთვის, პირადად ვიმყოფებოდი აეროპორტში. ყველა მგზავრმა გადაკვეთა საზღვარი და სასიხარულოა, რომ არანაირ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. ამ კონკრეტული რეისით ბევრი მოქალაქე არ ჩამოსულა პოლონეთში. ძირითადად ისინი ტრანზიტად გადაადგილებოდნენ. მე მათ გავესაუბრე. უმეტეს მათგანს გააჩნდა ევროკავშირის ბინადრობის ნებართვა და უკვე ადრე მიღებული ვიზები. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის წესებს, ისინი ძალიან დეტალურად არიან ინფორმირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საღამოს კიდევ ველოდებით რეისს ქუთაისიდან, საქართველოს უფრო ბევრ მოქალაქეს ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ საზღვრის კვეთის დროს არც მათ შეექმნებათ პრობლემა”, -განაცხადა ქეთევან ესიაშვილმა.
რაც შეეხება მესაზღვრეების პოზიციას და მათ დამოკიდებულებას ქართველი მგზავრების მიმართ, კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მესაზღვრეები ძალიან კეთილგანწყობილები არიან საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
”მე დღეს დამატებით ვესაუბრე ჩვენს პოლონელ მეგობრებს საზღვრის დაცვის სამსახურში, მაინტერესებდა მათი განწყობა, რადგანაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პროცესი როგორ წარიმართება. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არიან ძალიან კეთილგანწყობილები. მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ იქნებიან ყურადღებიანი, რათა არ შეიქმნას რაიმე პრობლემა”, - აღნიშნა ქეთევან ესიაშვილმა.
უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური.
ევროკავშირის შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა.