ქართული გადაზიდვის ინდუსტრია მონოპოლიის საფრთხის წინაშე

ფოთის პორტში მოქმედი სატერმინალო ლოგისტიკური კომპანიები შიშობენ, რომ გადაზიდვის ინდუსტრიაში სახელმწიფოს ხელდასმით, კერძო მონოპოლისტი ყალიბდება.

3 მარტს, გადაზიდვის ბიზნესით დაკავებულმა 41-მა კომპანიამ ღია წერილით მიმართა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მეთაურები პირადად დაინტერესდნენ დარგში არსებული პრობლემის სიმწვავით.

კომპანიები ირწმუნებიან, რომ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებში მსოფლიო ბაზრის უმსხვილესი ოპერატორი, დანიური კომპანია „მოლერ-მაერსკი“ (Møller-Maersk), რომელიც ფლობს ფოთის პორტს და 49 წლის ვადით მართვაში აქვს აღებული ფოთის ინდუსტრიული ზონა, მალე საქართველოს ლოგისტიკის ბაზარს სრულ მონოპოლისტად მოევლინება.

როგორც გადამზიდავი კომპანიის, „ისთ გეით გრუპის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი იაშვილმა BPN-ს აცნობა, ამა წლის 1-ლი მაისიდან ყველა სახის ტვირთის დამუშავება ფოთის ნავსადგურში ექსკლუზიურად, „მაერსკის“ კუთვნილ ტერმინალ APM Terminals Poti-ში მოხდება.

შპს „ისთ გეით გრუფი“, თავის მხრივ, მსოფლიოს საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარზე მესამე უმსხვილესი გადამზიდავი CMA CGM-ის პარტნიორია საქართველოში მოქმედი ერთობლივი საწარმოს, CMA CGM Georgia-ს სახით. იაშვილი შიშობს, რომ ასეთი ექსკლუზიური უფლება ტვირთების მომსახურებაზე „მაერსკს“ უდაო მონოპოლსტად აქცევს. შესაბამისად, სწორედ "მაერსკი" იქნება ის, ვინც განსაზღვრავს სექტორის საფასო პოლიტიკას და ყველა სხვა გადამზიდავი კომპანია, რომელიც აქამდე საკუთარ საფასო პოლიტიკას აწარმოებდა, იძულებული იქნება მის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით იმოქმედოს, რაც კლავს კონკურენციას და აზიანებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის იმიჯს.

გარდა ამისა, დანიური კომპანიისთვის ექსკლუზიური უპირატესობის მინიჭებით, საერთაშორისო საზღვაო ხაზების კომერციული საიდუმლოება ხელმისაწვდომი ხდება მათივე კონკურენტი „მაერსკისთვის“, რომლის კუთვნილ ტერმინალში კონკურენტების შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია გაივლის.

როგორც ტერმინალების წარმომადგენლები ირწმუნებიან, შესაბამისი შეთანხმება „მოლერ მაერსკის“ ხელმძღვანელობასა და საქართველოს მთავრობას შორის თებერვალში, დავოსის ეკონომიურ ფორუმზე შედგა. გადამზიდავებს კი, ახალი რეგულაციის თაობაზე შემოსავლების სამსახურმა თებერვლის ბოლოს გამართულ თათბირზე აცნობა.

საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, საქართველოს გავლით მოქმედი ყველა საზღვაო გადამზიდავი კომპანია უკვე 20 წელია, რაც ფოთის პორტში ერთი [ტენდერში შერჩეული] კონტრაქტორი ტერმინალის მეშვეობით ემსახურება ტვირთებს და ამგვარად, კლიენტს სტაბილურ, საკუთარ საფასო პოლიტიკას და მომსახურებას სთავაზობს, რაც თითოეული საერთაშორისო გადამზიდავის გლობალური პოლიტიკის ნაწილი და კონკურენციის მექანიზმია. როგორც კი ერთ-ერთ მათგანს, ამ შემთხვევაში „მაერსკს“, სატრანზიტო მარშურტის ერთ გარკვეულ მონაკვეთზე, მოცემულ შემთხვევაში ფოთის პორტში, ტვირთების გატარებაზე რაიმე სახის ექსკლუზივი მიეცემა, ის უკვე ხელოვნურად უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდება და მისი კონკურენტების საფასო ბადე „მაერსკის“ ფასებზე აღმოჩნდება მიბმული. ცვლილება მტკივნეულად აისახება მომხმარებელზე, რომელიც მიიღებს გაზრდილ ფასებს და გაურასებულ მომსახურებას, აცხადებენ კომპანიები.

„ეს აქსიომაა, რომ მონოპოლიის შემთხვევაში, აუცილებლად გაძვირდება სერვისი და მომსახურების ხარისხი გაუარესდება,“ - განმარტავს ზურაბ შენგელია, ექსპედიტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იგი ასოციაციის სახელით მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ თუკი აქვს რამე დამატებითი პირობა სატერმინალო ლოგისტიკური საქმიანობით დაკავებული კომპანიების მიმართ, ეს ღიად ჩადოს ნებართვის გასაცემ პირობებში.

როგორც BPN-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მსუბუქი ავტომანქანების გარდა, სხვა სახეობის ტვირთებზე არანაირი შეზღუდვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

”საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ხოლო საქონლის დასაწყობება და გაფორმებისათვის წარდგენა დეკლარანტს შეუძლია განახორციელოს როგორც გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ), ასევე საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. წინა ხელისუფლების დროს იყო სიტყვიერი მითითება, რომ ტვირთების წარდგენა მომხდარიყო მხოლოდ გეზ-ის ტერიტორიაზე, რაც სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის პირობებში დაუყოვნებლივ იქნა გაუქმებული,“ - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განმარტებაში.

ტერმინალების წარმომადგენლები BPN-თან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ოფიციალურად, შემოსავლების სამსახური არავითარ შეზღუდვებს არ აწესებს და გაცემული ნებართვების მიხედვით ბაზარზე მოქმედ ყველა ტერმინალს აქვს ერთნაირი უფლება, შეასრულოს სატერმინალო მომსახურებაში შემავალი ოპერაციები, როგორიცაა: კონტეინერის მიღება, გახსნა, ჩამოტვირთვა, ჩატვირთვა და ა. შ. მაგრამ კანონის აღსრულება არ ხდება და შემოსავლების სამსახურის ზეპირი ბრძანების საფუძველზე მხოლოდ APM Terminals Poti უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისების მიწოდებას, რაც ავტომატურად, ამ ტერმინალს უპირატეს მდგომარეობში აყენებს.

„ბევრი კარგიც გაკეთდა,“ - ამბობს დავით დავითიძე, კომპანია „ჯორჯიანტრანსექსპედიცია ფოთის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. „მაგალითად, სახელმწიფომ მოაწერიგა რიგი, საბაჟომ გაამარტივა პროცედურები და ერთად მოუყარა თავი პროგრამული უზრუნველყოფით, მაგრამ ეს სერვისი მიეწოდება მხოლოდ ერთ APM ტერმინალს. არადა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ კანონმდებლობით არ იზღუდება სხვა ტერმინალებისთვის იგივე სერვისის მიწოდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენთან მებაჟე არ მოდის. შესაბამისად, ვერ ვთავაზობთ ნებართვით გათვალისწინებულ მომსახურებას და როგორ გავუწიოთ კონკურენცია?“

დავითაძე და მისი კოლეგები შიშობენ, რომ ასე თუ გაგრძელდა, გაკოტრებამდე ბევრი აღარაფერი აშორებთ და ღია წერილზე ხელმომწერ 41 კომპანიაში დასაქმებული 5 ათასზე მეტი ადამიანი სამუშაოს დაკარგავს მაშინ, როცა APM ტერმინალი 200-ზე მეტი კაცის დასაქმებას ვერ შეძლებს.

თეიმურაზ წულაძე, კომპანია „კავტრექსჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ გაკოტრდებიან ძირითადად ქართული ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ყველა გადასახადს საქართველოს ბიუჯეტში იხდიან, როცა APM ტერმინალი უცხო ქვეყნის გადამხდელია და საქართველოში მხოლოდ არაპირდაპირ გადასახადებს იხდის.

ბიუჯეტი თანხებს დაკარგავს, 4-5 ათასი დასაქმებული - სამუშაო ადგილს, რასაც შეიძლება სოციალური აფეთქება მოყვეს ფოთში, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის ორი-მესამედი ფოთის პორტთან დაკავშირებულ გადაზიდვის ინდუსტრიაშია დასაქმებული. ვის აწყობს ასეთი სცენარი? -ამ კითხვაზე კომპანიების წარმომადგენლებს პასუხი არ აქვთ. ვარაუდობენ, რომ წინა მთავრობის დროს დაწყებული პრობლემა ინერციით გრძელდება.

ფოთის პორტში ლოგისტიკის სექტორში კერძო მონოპოლიას საფუძველი ყოფილი ხელისუფლების ზეპირი ბრძანების საფუძველზე ჩაეყარა ჯერ კიდევ 2011 წლის დასაწყისში. კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით, შემოსავლების სამსახურმა ფოთში შემოტანილი მსუბუქი ავტომანქანების განბაჟება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ შექმნილ გეზ-ის ტერიტორიაზე არსებული ტერმინალის მეშვეობით გადაწყვიტა, რომელიც ფოთის პორტის მაშინდელი მფლობელისა და ინდუსტრიული ზონის ოპერატორის, „რაკიას“ მფლობელობაში იყო. დანარჩენი ტვირთები ისევ კერძო ტერმინალებში შედიოდა და განბაჟებაც იქვე ხდებოდა. თუმცა, რადგან მანქანების იმპორტი საზღვაო გადამზიდავების ტვირთების პრაქტიკულად 40%-ს შეადეგნდა, ამ სფეროში მოქმედ კომპანებს დიდი ფინანსური დარტყმა მიადგათ და ზოგიერთი ტერმინალი გაკოტრდა კიდეც, ფასები კი ავტომანქანების მომსახურებაზე, უხეში გათვლებით, 30-40%-ით გაიზარდა. მაშინ შეწუხებულ კომპანიებს შორის თავად „მაერსკიც“ ირიცხებოდა, რადგან ექსკლუზიური უფლებით მოსარგებლე ტერმინალი „რაკიას“ ეკუთვნოდა.

2011 წელსვე სიტუაცია შეიცვალა. აპრილში ფინანსური პრობლემების გამო, „რაკიამ“ თავისი წილები პორტშიც და ინდუსტრიული ზონაშიც „მოლერ-მაერსკზე” გაასხვისა. ამ უკანასკნელმა კი ექსკლუზიური უფლებით სარგებლობა გააგრძელა.

ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედის მიერ დანერგილი პრაქტიკა უფრო გაამყარა და ზეპირ გადაწყვეტილებას მანქანების მხოლოდ ერთ ტერმინალში მოსახურების შესახებ იურიდიული ძალა მიანიჭა. ამ წლის მაისიდან კი, APM Terminals-ს მანქანების გარდა, კონტეინერებში შემავალი ყველა სხვა ტიპის ტვირთის გადმოტვირთვის ექსკლუზიურ უფლებას აძლევს.

BPN-სთვის მოწოდებულ განმარტებაში შემოსავლების სამსახური უარყოფს ტერმინალების ბრალდებას, რომ მაისიდან რეგულაცია იცვლება. ტერმინალები ამტკიცებენ, რომ პრაქტიკა საწინააღმდეგოს აჩვენებს, ხოლო მათ მიერ მიწერილ ოფიციალურ წერილებს პრობლემის შესახებ შემოსავლების სამსახური არ პასუხობს. არც ეკონომიკის სამინისტროსთვის, პარლამენტის დარგობრივი და საფინანსო კომიტეტებისთვის თუ ბიზნეს ომბუდსმენისთვის მიწერილმა წერილებმა გაჭრა. კომპანიების ერთადერთი იმედი მთავრობისა და პარლამენტის მეთაურები არიან.

მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო განხილვის მიზნით გამოქვეყნებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტარტეგიის პროექტი - ”საქართველო 2020”, რომელიც გვაუწყებს, რომ ქვეყანაში კონკურენციის დაცვა, ისევე როგორც ლოგისტიკური ინდუსტრიის განვითარება საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების თვალსაზრისით, მთავრობის განუხრელი პრიორიტეტია. ლოგისტიკური ინდუსტრიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება სტარტეგიაში დასახულ მიზნებს მიაღწევს.