ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ტიმ ბაროუმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ტერეზა მეის წერილი გადასცა, რითაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ამოქმედდა, - იუწყება BBC.
ევროკავშირის შეტყობინება ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად მოხდა. აღნიშნული ნიშნავს ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, რომლის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობები იქნება შეთანხმებული.
ევროკავშირის შესახებ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი პირველად ამოქმედდა ევროკავშირის ისტორიაში.
მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავარაუდოდ მაისში დაიწყება.
როგორც ადრე დონალდ ტუსკმა განაცხადა, ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის დირექტივები დამტკიცდება, 29 აპრილს გაიმართება.
„იმის გათვალისწინებით თუ რა განაცხადა ლონდონმა, მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის საბჭოს სხდომას 29 აპრილს გავმართავთ, სადაც დამტკიცდება დირექტივები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.