რუსი სენატორი ელენა მიზულინა „სკოლებში კორუფციასთან ბრძოლის გაკვეთილების ჩატარებაში სახიფათო ტენდენციას“ ხედავს.
მისი განცხადებით, რიგ სკოლებში პატრიოტიზმის გაკვეთილები კორუფციასთან ბრძოლის გაკვეთილებით ჩაანაცვლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან რუსეთის ფედერაციის საბჭოს განათლების კომიტეტს ამ ინფორმაციის გადამოწმება მოსთხოვა.
„რიგ სკოლებში პატრიოტიზმის გაკვეთილების კორუფციასთან ბრძოლის გაკვეთილებით ჩანაცვლება დაიწყეს. ბავშვებს აძალებენ კორუფციაზე სურათების ხატვას, შესაბამის ინფორმაციას აწოდებენ სხვადასხვა ქვეყნებში კორუფციის დონეებზე, სადაც რუსეთი რეიტინგის ბოლოშია უზბეკეთთან ერთად. ეს სახიფათო ტენდენციაა“, - განაცხადა მიზულინამ.
აღსანიშნავია, რომ 26 მარტს მოსკოვში კორუფციის წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე 900-მდე ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.