„ალუჩა, რაც გუშინ შემოვიტანეთ, მთლიანად გაიყიდა, ერთი შეფუთვაც არ დაგვრჩა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუს“ სავაჭრო ქსელ „გუდვილში“ განუცხადეს.
საუბარია, იმპორტირებულ ალუჩაზე, რომელიც 1 კილოგრამი სუპერმარკეტში 109 ლარი ღირს.
"გუდვილში" არსებულმა ალუჩის ღირებულებამ მოქალაქეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
როგორც სუპერმარკეტის ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერმა გიორგი თანიაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ალუჩა ჰოლანდიიდან არის იმპორტირებული და საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა.
„სეზონი არ არის, ამიტომ ამ პერიოდში ჩვეულებრივ ასეთი ფასია ხოლმე. წინა წლებს რაც შეეხება, შარშან უფრო გვიან შემოვიტანეთ, ამიტომ ცოტა დაბალი ფასი ჰქონდა. რაც შეეხება იმპორტს, ზოგადად პირველი შემომტანი არის ჰოლანდია, შემდეგ კი უკვე თურქეთსა და საქართველოშიც იწყება სეზონი. შესაბამისად, არც ამ მხრივ არის რაიმე ცვლილება", - ამბობს თანიაშვილი.
მისივე თქმით, ალუჩაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო, რის გამოც მისი შემოტანა გადაწყვიტეს. როგორც თანიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, იმის გამო, რომ შემოტანილი პროდუქცია სრულად გაიყიდა, სუპერმარკეტმა შეკვეთა გააორმაგა და სავარაუდოდ, ფასიც შედარებით დაიწევა.