უმუშევრებს დახმარებას ყველა მოწინავე სახელმწიფოში უწევენ. ამ საკითხზე მსჯელობა საქართველოს მთავრობაშიც მიმდინარეობს, რასაც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სიტყვებიც ადასტურებს: „ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზე მსჯელობა და კონსულტაცია უნდა გაგრძელდეს. უნდა იყოს მიღებული ისეთი მოდელი, რომელიც ყველაზე ოპტიმალური და რეალისტური იქნება, ამაზე მუშაობა და მსჯელობა სამინისტროში სულ მიმდინარეობს“, - აცხადებს დავით სერგეენკო და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პროფკავშირებისა და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით უნდა გადაწყდეს.
რას ფიქრობენ ამ პრობლემაზე საქართველოს პროფკავშირები? - ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსი“ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს - გოჩა ალექსანდრიას ესაუბრა:
„უმუშევართა შემწეობა სოციალური დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია და არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, თუნდაც ნაკლებად განვითარებული, რომელსაც ეს მექანიზმი არ ჰქონდეს. უმუშევრობის კომპენსაცია ყველგან სხვადასხვაა. თურქეთში მაგალითად, მინიმალური ხელფასი არის 500 დოლარი, ხოლო უმუშევრობის შემწეობა დაახლოებით 300 დოლარია. უმუშევრად დარჩენა შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს და თუ ასეთ ადამიანს სახელმწიფო არ დაეხმარება, ის ღირსეულად ვეღარ იცხოვრებს. უმუშევარმა შეიძლება გაყიდოს ყველაფერი, რაც აბადია, ბოლოს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვს შეუერთდეს და სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება მოითხოვოს. ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში მთლიანად სახელმწიფოზე ხდება დამოკიდებული. ცივილიზებულ ქვეყნებში დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ადამიანის გაღატაკებას არ უნდა დაელოდონ, რადგან ეს სახელმწიფოსთვის ძალიან წამგებიანია. ამიტომ, სახელმწიფომ არ უნდა დაიზაროს უმუშევრისთვის დახმარების გაწევა, რომ ის რაც შეიძლება მალე დააბრუნოს შრომის ბაზარზე. სახელმწიფოს ამოცანაა უმუშევარი ისევ გადასახადის გადამხდელად იქცეს და ღირსეული ცხოვრების პირობები შეინარჩუნოს“, - აღნიშნავს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე.
გოჩა ალექსანდრიას აზრით, ჩვენთან ეს კარგად არ ესმით და უმუშევრობის მაღალი დონეც არასწორი პოლიტიკის ბრალია.
„სამწუხაროა, რომ საქართველოში ადამიანები რჩებიან გრძელვადიან უმუშევრებად, რის გამოც წყალში იყრება თანხა, რომელიც მათზე სახელმწიფომ დახარჯა. უმუშევარი ძალიან პასიურია, ბიუჯეტში თანხა არ შეაქვს, არ ყიდულობს არაფერს, ამიტომ სახელმწიფოსთვის ბევრად უფრო მომგებიანია, რომ უმუშევრები დროზე დაბრუნდნენ შრომის ბაზარზე, იპოვონ სამუშაო, ან ახალი პროფესია შეიძინონ და თვითდასაქმებულები მაინც გახდნენ.
სახელმწიფომ ეს პროცესი თვითდინებაზე არ უნდა მიუშვას. მოწინავე ქვეყნებში დასაქმების კომპანიებსაც კი უხდიან თანხას, რომ მათ სწრაფად დაასაქმონ უმუშევრები და რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს მათთვის უმუშევრობის კომპენსაციის გაცემა. ამავე დროს, უმუშევარი არ უნდა გაზარმაცდეს და თუ უარს იტყვის გადამზადებაზე, ან შეთავაზებულ სამუშაოზე თუნდაც ქვეყნის სხვა კუთხეში, ნელ-ნელა უმცირებენ დანიშნულ შემწეობას და თუ მესამედაც უარს იტყვის, საერთოდ უწყვეტენ. ეს არის სწორი მიდგომა და არა ის, რაც ჩვენთან ხდება: უმუშევარი წლობით რჩება სამსახურის გარეშე და ბიუჯეტს ჩამოეკიდება, ან საზღვარგარეთ მიდის და იქ იწყებს საქმიანობას - ორივე გზა სახელმწიფოსთვის უარყოფითი შედეგის მომტანია“, - აღნიშნა გოჩა ალექსანდრიამ.
უმუშევრობის კომპენსაციის გაცემა ძალიან რთული საკითხია, ამიტომ, პირველ რიგში იმაზე უნდა ვიფიქროთ, საიდან მოვიტანოთ ეს თანხა - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სოსო არჩვაძემ.
„ვფიქრობ, რომ უმუშევრობის შემწეობა ადრე თუ გვიან საქართველოში მართლაც დამკვიდრდება, მაგრამ დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, მე ამ საკითხს ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. აქვე გეტყვით, რომ უმუშევრობის შემწეობის დანიშვნა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და უკვე არსებული ადგილების ოპტიმიზაცია.
დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი თანხა შევიდეს ბიუჯეტში, ეკონომიკა გამოცოცხლდეს და მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდოს. სწორედ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაა მთავარი და არა უმუშევრების დახმარებაზე ფიქრი. ნებისმიერი სახელმწიფო ზრუნავს, რომ მათი რიცხვი სულ უფრო მეტად შეამციროს. რა პრინციპით უნდა შევარჩიოთ უმუშევრები, რომლებსაც კომპენსაციას დავუნიშნავთ, ან რა დააშავეს ახალგაზრდებმა, რომლებსაც ცოდნა აქვთ, მაგრამ ერთი დღეც არ უმუშავიათ თავიანთი პროფესიით?“, - ამბობს სოსო არჩვაძე.
ეკონომიკის ექსპერტის თქმით, უმუშევრობის კომპენსაცია არც ისე მცირე უნდა იყოს, რომ ადამიანმა ვერ იარსებოს, მაგრამ არც იმდენი, რომ სამუშაოს პოვნის სურვილი დაკარგოს.
„უმუშევრობის შემწეობა დროებით ინიშნება და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ვადით გასცემენ: ზოგიერთ ქვეყანაში 26 კვირით, ხოლო ზოგიერთში - უფრო მეტი ხნითაც. გერმანიაში ეს ვადა ყველაზე ხანგრძლივია - 63 კვირა, ხოლო აშშ-ში უმუშევრები დახმარებას 26 კვირის განმავლობაში იღებენ. კომპენსაციის რაოდენობა ხელფასის მიხედვით განისაზღვრება: როგორც წესი, ის ხელფასის 40-60%-ია. თუ ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის შემწეობის გაცემა დაიწყება, ამ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ქართულ რეალობასთან მორგება აუცილებლად უნდა შევძლოთ“, - ამბობს სოსო არჩვაძე.
ხათუნა ჩიგოგიძე