რუსი და უკრაინელი მაგნატების ქონება ერთ დღეში 13 მილიარდი დოლარით შემცირდა

მსოფლიოს 300-მა უმდიდრესმა ადამიანმა საფონდო ბირჟებზე ფასების რყევების, რუსეთის ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრისა და რუბლის რეკორდული გაუფასურების გამო, გუშინ, საერთო ჯამში, 44,4 მილიარდი დოლარი დაკარგა, - ამის შესახებ საერთაშორისო სააგენტო ”ბლუმბერგი” იუწყება.

”დღის დაზარალებულებს” შორის კი პირველ ადგილზე რუსი ბიზნესმენები, გენადი ტიმჩენკო და ლეონიდ მიხელსონი, აღმოჩნდნენ. საქმოსნებს ქონება 3,2 მილიარდი დოლარით შეუმცირდათ, მას შემდეგ, რაც კუთვნილი კომპანია ”ნოვატეკის” აქციები 18%-ით გაუფასურდა. ”ბლუმბერგის ინდექსის” მიხედვით, ეს ადამიანები პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს წარმოადგენენ, რადგან ”გაზპრომის” შემდეგ, სიდიდით მეორე გაზის მწარმოებელი კომპანიის აქციათა ნახევარს ფლობენ.

დაზარალდნენ უკრაინელი მილიარდერებიც. მათ შორის, ვლადიმერ ლიზინი, კომპანია ”ნოვოლიპეცკფოლადის” თანამფლობელი, რომელმაც 1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა (ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ფოლადის მწარმოებელი კომპანიის აქციების კურსი 7,1%-ით დაეცა).

”ლუკოილის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვაგიტ ალეკპეროვმა, 960 მილიონი დოლარი იზარალა, მას შემდეგ, რაც მოსკოვში დაფუძნებული კომპანიის ფასიანი ქაღალდები 9,2%-ით გაუფასურდა.

რინატ ახმეტოვმა, უკრაინის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 700 მილიონი დოლარი დაკარგა. აღნიშნული მილიარდერის საკუთრებაშია კომპანია System Capital Management, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული კონგლომერატი, მათ შორის, დონეცკის მეტალურგიული კომბინატი.

საერთო ჯამში, რუსმა და უკრაინელმა მილიარდერებმა, ერთ დღეში 12,8 მილიარდი დოლარი იზარალეს.

როგორც გამოცემა წერს, რუსულმა ინტერვენციამ განვითარებად ბაზრებზე საპრემიო რისკები გაზარდა, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები. რუსეთის საფონდო ბირჟისა და მოსკოვის საერთაშორისო სავალუტო ბირჟების ინდექსები 11-12%-ით დაეცა, რაც 2008 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგია.