„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი საქალაქთაშორისო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში ე.წ. ტაქოგრაფების დამონტაჟების ინიციატივით გამოდის.
როგორც დავით მესხიშვილმა განაცხადა, უნდა დაინერგოს ევროდირექტივა, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ტაქოგრაფების - ჩამწერი მოწყობილობების დამონტაჟებას. მისივე თქმით, მოწყობილობა აჩვენებს, რა მონაკვეთზე, რა სიჩქარით მოძრაობს მძღოლი, რაც დამრღვევი მძღოლების გამოვლენის მარტივი საშუალებაა.
„პირველ რიგში, ვითხოვთ, ევროდირექტივის დანერგვას, რომელიც ითვალისწინებს მიკროავტობუსებში ჩამწერი მოწყობილობების - ე.წ ტაქოგრაფების ჩამონტაჟებას. ასეთ დროს, არ არის საჭირო საპატრულო პოლიციამ ყველა დარღვევაზე სდიოს მიკროავტობუსის დამრღვევ მძღოლს - ტაქოგრაფის სისტემა აჩვენებს, რა მონაკვეთზე, რა სიჩქარით იარა მძღოლმა, რაც არის ერთგვარი პრევენცია და ვეროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ აპრობირებული მეთოდი“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.
კვლევის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ მიხედვით, საქალაქთაშორისო მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების 93% მინიმუმ ერთ დარღვევას მაინც აკეთებს.