საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის, მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ლაშა მესხის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან მხოლოდ 2 თვეში სახელფასო ფონდი თითქმის 25 000 ლარით გაიზარდა , ხოლო საერთო ხარჯები 200 000 ლარს ბევრად აღემატება. გაზრდილი სახელფასო პოლიტიკის, ასევე ტელეკომპანია GDS-ის თანამშრომელთა პორტირების საკითხზე დღეს ლაშა მესხმა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
ლაშა მესხის ინფორმაციით, წინა მენეჯმენტის პირობებში 2016 წლის მეოთხე კვარტალში, ოქტომბერსა და ნოემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელფასო ფონდი 3 676 766 ლარი იყო. ახალი მენეჯმენტის პირობებში კი იანვრისა და თებერვლის თვეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელფასო ფონდმა 3 701 096 ლარი შეადგინა. სხვაობა 24 330 ლარია და აღნიშნულ მონაცემებში არ შედის GDS-ის ყოფილი თანამშრომლების ანაზღაურება, რაც, ლაშა მესხის შეფასებით, სავარაუდოდ, თანხას გააორმაგებს.
რაც შეეხება საერთო ხარჯებს, ჟურნალისტის ცნობით, საერთო ჯამში წინა წლის 2 თვისა და ახლანდელი 2 თვის ხარჯები 216 513 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, წინა მენეჯმენტის დროს მეოთხე კვარტლის საერთო ბიუჯეტი 5 611 105 ლარი, ხოლო ახალი მენეჯმენტის პირობებში პირველი კვარტლის საერთო ბიუჯეტი 5 827 618 ლარია.
”საზოგადოებრივ მაუწყებელში გრძელდება საბიუჯეტო თანხების ხარჯვის გზა. წინა მენეჯმენტის მანკიერი პრაქტიკა ამ დრომდე ძალაშია. მენეჯმენტი, რომელიც მაუწყებელში არსებულ კორუფციაზე და ე.წ. ”კარმუშკაზე” ღიად საუბრობდა, თავადვე უშვებს იმ შეცდომას, რომლის გამოსასწორებლადაც თითქოსდა თავად მოვიდა”, - განაცხადა ლაშა მესხმა.