ჩვენი ქვეყანა პატარაა და არ გვაქვს ფუფუნება დიდი ბიუროკრატია შევინახოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველი ერთეულების შემცირებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარი მიმდინარეობს და გადაწყვეტით არაფრის თქმა არ შეიძლება.
„საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ რაიმე დეცენტრალიზაციას ვასუსტებთ ან უკან ვდგამთ ნაბიჯებს - ეს არასწორია. ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ადრე იყო შვიდი თვითმმართველი მუნიციპალიტეტი, რომელიც გაიყო და მივიღეთ ზუგდიდის, გორის, ახალციხის, ამბროლაურის, თელავის და მცხეთის თვითმმართველი ერთეულები. ამ ქალაქებზეა აქ საუბარი. თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც განხორციელდა, იყო ძალიან წარმატებული. ჩვენ მივიღეთ არჩეული გამგებლები და მერები. თვითმმართველობა გახდა დამოუკიდებელი. მათ რესურსებზე მეტი წვდომა აქვთ. დეცენტრალიზაცია სწორედ ამას ნიშნავს. საპილოტე ნაწილი იყო ისიც, რომ გაიყო შვიდი თვითმმართველი ერთეული და გახდა 14. ამის მიზანი იყო ის, რომ მოსახლეობას ჰქონოდა უკეთესი ხელმისაწვდომობა თვითმართველობასთან, გაუმჯობესებულიყო ხარისხი თვითმართველობაში. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, არცერთ ამ მიმართულებაში წინსვლა არ გვაქვს. საკითხიც სწორედ აქედან გამომდინარე დაისვა.
მსჯელობის საგანია, რომ გადავხედოთ ამ გადადგმულ ნაბიჯებს. დეცენტრალიზაცია ნიშნავს მეტი სერვისების გადაცემას მუნიციპალიტეტებისთვის, მეტ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. თვითთმართველობაში განხორციელებული ცვლილებებით, ხარჯები გაიზარდა 40 მილიონით. აქედან 60 პროცენტზე მეტი არის ადმინისტრაციულ ხარჯებში, მცირე ნაწილი არის კაპიტალურ ხარჯებში წასული. ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის პროპორციულად არ მოხდა კაპიტალური ხარჯების ზრდაც. ჩვენი ქვეყანა პატარაა და არ გვაქვს ფუფუნება დიდი ბიუროკრატია შევინახოთ. აუცილებელია ბიუროკრატიაში ხარჯების ოპტიმიზაცია გავაკეთოთ, რომ სოფლებში გზები ვაშენოთ, წყალი გავიყვანოთ, მოსახლეობას მეტი დოვლათი შევუქმნათ და შესაძლებლობა მივცეთ განვითარების. თუ რეგიონებში ინფრასტრუქტურა არ განვითარდა სწრაფად, რეგიონები თავისთავად და თვისობრივად ვერ განვითარდებიან. ეს არის ის ზოგადი საკითხები, რის გამოც ეს მსჯელობებიც დაიწყო. გადაწყვეტით არაფრის თქმა არ შემიძლია," - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.