პოლიეთილენის პარკის გამოყენებაზე შეზღუდვები სექტემბრიდან დაწესდება

2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება აიკრძალება, ხოლო 2018 წლის 1-ელი იანვრიდან - 15 მიკრონზე ნაკლები სისქის , - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირებსა და შეზღუდვას ითვალისწინებს.

„მოგეხსენებათ, რა უარყოფით გავლენას ახდენს პლასტიკის ნაწარმისგან წარმოქმნილი ნარჩენები გარემოსა და ზოგადად, ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათ შორის, ეს განსაკუთრებულად ეხება პლასტიკის პარკებს, რადგან ის ბუნებაში წლების განმავლობაში არ იშლება და გარდა იმისა, რომ გარემოს აბინძურებს, ასევე საფრთხე ექმნება და ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ცხოველი იღუპება. აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებულია მთელი რიგი ღონისძიებები პლასტიკის პარკების შემცირების მიზნით და ზოგან შთამბეჭდავი ეფექტი აქვთ მიღებული“, - განაცხადა ჩანქსელიანმა.

მისივე თქმით, საქართველოც არ არის გამონაკლისი და საჭიროა შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდეს. რადგან პოლიეთილენის ნარჩენები ყველგან გვხვდება გზის პირებზე, დაცულ ტერიტორიებზე, ტყეებში, მდინარეებში.

„გარდა იმისა, რომ შეგროვების სისტემებია გასაუმჯობესებელი, პარალელურად უნდა განხორციელდეს სხვა ღონისძიებები. კანონმდებლობა ამ ეტაპზე ითვალისწინებს განსაკუთრებით მსუბუქი, 10-15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენების შეზღუდვას. პირველი ეტაპისთვის, საკანონმდებლო პროექტში ჩადებულია, რომ 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან აიკრძალოს 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო 2018 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკების. ასევე ახლა მიმდინარეობს სერიოზული დისკუსიები, რომ დაწესდეს მსხვილი ანუ 15 მიკრონზე მეტი სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე ფასი, რაც შესაბამისად მის გამოყენებას ამცირებს, რადგან მსუბუქი პარკები, რომლებსაც ფასი არ აქვთ, ძალიან დიდი ოდენობით გამოიყენება. როდესაც იქნება ფასი დაწესებული, ასეთ შემთხვევაში ხდება მისი გამოყენების შეზღუდვა“, - განაცხადა ალვერდ ჩანქსელიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიზნესი ძალიან კონსტრუქციულად შეხვდა.

„არაერთი შეხვედრა გვქონდა ჩვენ მათთან. იყო მსჯელობა, დისკუსიები და კონსტუქციული მიდგომა იყო. რამდენიმე მეწარმემ, რომელიც პლასტიკის პარკების წარმოებით არიან დაკავებულები, აგვიხსნა, რომ ჩვენ 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკებს რეალურად არც კი ვაწარმოებდით, მაგრამ მერე იმპორტმა გვაიძულაო. ჩვენც გარკვეულ პერიოდს რამდენიმე თვეს ვუტოვებთ, რომ ის მარაგები, რაც აქვთ, ამოიწუროს და შემდეგ ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ისინი ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რომ ეს ღონისძიებები შეიძლება გაგრძელდეს. ეს შეიძლება იყოს აკრძალვა, ფასების კიდევ აწევა და ა.შ.“, - განაცხადა ალვერდ ჩანქსელიანმა.

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, ეს ღონიძიებების მომავალში გაგრძელდება და ქვეყანა იზრუნებს, რომ პოლიეთილენის პარკები ეტაპობრივად სრულად ჩაანაცვლოს სხვა საშუალებებით - კალათებით, ევროპული სტანდარტის ბიოდეგრადირებადი პარკებით.

„აქედან გამომდინარე, ის მეწარმეები, რომლებიც ამით არიან დაკავებულები ინფორმირებულები არიან, რომ ნელ-ნელა ამ რელსებზე უნდა გადაეწყონ“, - განაცხადა ალვერდ ჩანქსელიანმა.