შემოტანილი სოიოს ნახევარფაბრიკატების ყველა ნიმუში გენმოდიფიცირებული აღმოჩნდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” პროექტის ფარგლებში ჩინეთიდან, ინდოეთსა და აშშ-დან საქართველოში შემოტანილი სოიოს ნახევარფაბრიკატები ლაბორატორიაში შემოწმდა.

როგორც პროექტის ვებ-გვერდზე - momxmarebeli.ge - აღნიშნავენ, სოის ტექსტურატის, კონცენტრატისა და იზოლატის ყველა ნიმუში ( ეს პროდუქტები კი სურსათის წარმოებაში ფართოდ გამოიყენება) გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავდა.

”ცნობილია, რომ 2010 წლის მდგომარეობით, მსოფლიოში წარმოებული სოიოს 3/4 გენმოდიფიცირებული იყო. შესაბამისად, სოიოსგან დამზადებულ პროდუქტებში გმო-ს აღმოჩენის ალბათობა მაღალია. ამავე დროს, სოიოს ცილოვანი პროდუქტები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სურსათის წარმოებაში, მათ შორის ხორცპროდუქტებში და ნახევარფაბრიკატებში, კეტჩუპებში, მაიონეზში, მშრალ სუპებში, აგრეთვე სამარხვო პროდუქტებში და ნახევარფაბრიკატებში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პირველი გმო-ანალიზები სწორედ სოიოს ცილოვანი პროდუქტებისთვის ჩაგვეტარებინა”, - აცხადებენ პროექტის ავტორები.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე ჯერ მეცნიერულად დადასტურებული არ არის, თუმცა, მომხმარებელს მაინც სიფრთხილესაკენ მოუწოდებენ.

”თუ შესაძლებლობა გაქვთ, გირჩევთ მათ მოხმარებას მოერიდოთ. ამისთვის კი აუცილებელია ყოველთვის გულდასმით გაეცნოთ პროდუქტის ეტიკეტს. შეუფუთავი პროდუქტის შეძენამდე კი აუცილებლად დაინტერესდეთ - შეიცავს თუ არა იგი სოიოს ცილას და გენმოდიფიცირებულია თუ არა იგი”, - აღნიშნულია ვებ-გვერდზე.

იმავდროულად, პროექტის ავტორები მეწარმეებს აფრთხილებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ისინი ვალდებულნი არიან, პროდუქტის შემადგენლობაში სოიოს არსებობა მიუთითონ, ისევე როგორც ინფორმაცია გენეტიკურ დაბინძურებაზე.