მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა.
ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს.
რეესტრის ცნობით, რეფორმის დაწყებიდან, 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს 170 ათასამდე მოქალაქემ მიმართა. აქედან 100 ათასი რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა.
ამჟამად საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში 15 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი, 8 ათასამდე მოქალაქის განცხადება შესწავლისა და განხილვის პროცესშია, 44 ათასამდე განცხადებაზე კი საჯარო რეესტრი, მოქალაქის ნაცვლად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში იძიებს.
90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო რეგისტრირებული. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რეფორმის ფარგლებში კი მხოლოდ 8 თვის განმავლობაში მიწის რეგისტრაცია 10%-ით გაიზარდა, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის იმავე პერიოდს.
"სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაცია თავად დაუნიშნა, რის შედეგადაც 157 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწები მარტივად დაირეგისტრირეს. 100-ზე მეტი მედიაცია სხვადასხვა ნოტარიუსთანაა დანიშნული", - ნათქვამია რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო აზომვითი ნახაზების გაკეთებასაც აფინანსებს. რეფორმის დაწყებიდან დღემდე 32 387 აზომვითი ნახაზის საფასური ანაზღაურდა.
მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ.
კერძოდ, საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს).