რუსეთი უკრაინას ბუნებრივ აირზე დაწესებულ შეღავათებს გაუუქმებს

"გაზპრომი" მიმდინარე წლის აპრილიდან გააუქმებს უკრაინისთვის დაწესებულ შეღავათიან ტარიფს ბუნებრივ აირზე.

აღნიშნულის შესახებ რუსული კონცერნის ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ იმის გამო მიიღო, რომ კიევი ვერ ახერხებს დავალიანების გადახდას.

მილერის თქმით, უკრაინულმა მხარემ "გაზპრომს" აცნობა, რომ არ შეუძლია თებერვლის თვის დანახარჯების სრულად გადახდა. როგორც მილერმა აღნიშნა, უკრაინას რუსეთისადმი 1.529 მლრდ დოლარის დავალიანება დაუგროვდა მოხმარებული ბუნებრივი აირის გამო.

გარდა ამისა, როგორც რუსული გამოცემები წერენ, გასული წლის დავალიანებიდან უკრაინამ მხოლოდ ნახევარი დაფარა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ასეთ პირობებში უკრაინისთვის ბუნებრივი აირის საფასურზე შეღავათის გაუქმებას "აბსოლუტურად კანონზომიერი" უწოდა.

გუშინ, უკრაინის პერმიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ კიევი გამონახავს სახსრებს, რათა "გაზპრომს" თებერვლის დავალიანება გაუსტუმროს.

უკრაინამ ბუნებრივი აირის ტარიფზე შეღავათი 2013 წლის ბოლოს, რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებების შედეგად მიიღო. შესაბამისად, უკრაინისთვის საწვავზე საფასური 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 268.5 დოლარით განისაზღვრა. შეღავათის დაწესებამდე, უკრაინა ათას კუბურ მეტრ რუსულ გაზში 400 დოლარს იხდიდა.