გიორგი კვირიკაშვილი -კვირაში ერთხელ განხორციელებული რეისი ძალიან დიდი შვება იქნება თუშეთის მოსახლეობისთვის

კვირაში ერთხელ განხორციელებული რეისი ძალიან დიდი შვება იქნება თუშეთის მოსახლეობისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების დაწყებას გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

„მთავრობის წინა სხდომაზე მე მათ ვთხოვე, რომ კვირაში ერთი ასეთი რეისი განხორციელებულიყო. თუშეთი, პრაქტიკულად, 6 თვითაა მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს და ეს არის ძალიან საშური საქმე, ვინაიდან, ეს ვერტმფრენი მოემსახურება პირველ რიგში, მესაზღვრეებს, მაგრამ ასევე ადგილობრივ მოსახლეობას. 17-მა ადამიანმა ისარგებლა უკვე ალვანიდან პირველი განხორციელებული რეისით. ეს მათთვის უდიდესი შვებაა. მათ, როგორც ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვთ ძალიან ბევრი საჭიროება და კვირაში ერთხელ განხორციელებული ასეთი რეისი ძალიან დიდი შვება იქნება თუშეთის მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.