საუდის არაბეთი საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა

საუდის არაბეთი საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა: ქვეყნის მეფე სალმანმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, ქართულმა და არაბულმა მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უნდა განიხილონ.

კერძოდ, უნდა შემუშავდეს ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი, რომელზეც საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იმუშავებენ. მემორანდუმის ტექსტის საბოლოო შეთანხმების შემდეგ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა ამ კომისიის პრეზიდენტი, მეფე სალმანის შვილი - პრინცი სულტან ბინ სალმან ალ-საუდი. ამ საქმის ინიციატორი და აქტიური ხელშემწყობი საქართველოს საელჩო იყო. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არაბული სამყარო ჩვენთვის ერთ-ერთი პერსპექტიული და საინტერესო მიმართულებაა, რადგან იქიდან შემოსული სტუმრების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ამიტომ, მათთან საქმიან ურთიერთობას ყველა უწყება მხარს დაუჭერს. საუდის არაბეთის ინიციატივას დადებითად აფასებენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებიც, მათ შორის, ტურისტული სააგენტო „ფრი თრეველის“ ხელმძღვანელი თინათინ გოგუაძე.

“წინა წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, ჩვენთან საკმაო რაოდენობის ტურისტი ჩამოდის არაბული ქვეყნებიდან. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომ მათ მოემსახუროს. მით უმეტეს, არაბებს ძალიან აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ეგზოტიკური, მთიანი რეგიონები. არაბი ტურისტების 80 პროცენტი ჩვენთან დასასვენებლად ოჯახებით ჩამოდის და აქ საკმაო თანხას ტოვებს”, - აღნიშნავს თინათინ გოგუაძე.

„ფრი თრეველის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ არაბებს ძალიან აინტერესებთ თბილისი, ჩვენი მთიანი ადგილები, ასევე - დასავლეთ საქართველოში არსებული მღვიმეები და კანიონები. ბევრი მიდის დასასვენებლად ბალნეოლოგიურ კუროტებზე, რომლებსაც სამედიცინო-გამაჯანსაღებელი დანიშნულება აქვთ. მათ შორისაა: საირმე, ბორჯომი, ნაბეღლავი და სხვა სამკურნალო კურორტები. ასე რომ, არაბებს საქართველოში არაერთი საკურორტო ადგილი მოსწონთ.

ტურისტული კომპანია „ვულქერის“ აღმასრულებელი დირექტორი შალვა ციკოლია კი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთის დაინტერესება საქართველოთი ძალიან სასიამოვნო ამბავია, რადგან ეს პირველ რიგში ინვესტიციების ზრდას ნიშნავს.

„არაბული სახელმწიფოები ძალიან დიდ ინვესტიციებს აბანდებენ თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის, ტურიზმში და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ტურისტული ბიზნესი საუდის არაბეთშიც დღითიდღე ვითარდება. ეს მათთვის პრიორიტეტული სექტორია. ამიტომ, მათი დაინტერესება ჩვენი ტურისტული პოტენციალით პოზიტიური მოვლენაა. თუ ისინი ამ სფეროში ინვესტიციებს ჩადებენ, ტურიზმი საქართველოსთვის კიდევ უფრო აქტიური და შემოსავლიანი სფერო გახდება. გარდა ამისა, ტურისტული ნაკადები არაბული ქვეყნებიდან მთელ მსოფლიოში იზრდება. ეს ძალიან მდიდარი ქვეყანაა და არაბები მოგზაურობის დროს დიდძალ თანხას ხარჯავენ. მათ მოსწონთ უცხო ქვეყანას ესტუმრონ, დაისვენონ, ახალ კულტურას გაეცნონ - ეს მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნავს შალვა ციკოლია.

მისი თქმით, აზიის მიმართულება ჩვენთვის ძალიან პერსპექტიულია, განსაკუთრებით საუდის არაბეთი და ჩინეთი.

„არაბული ქვეყნების გარდა, ამჟამად მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა ძალიან დიდი ინტერესი ჩინელი ტურისტებისადმი. ეს არის სუპერსახელმწიფო, რომლის ეკონომიკაც ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა, მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდა, ასევე გაუჩნდა სურვილი, რომ ქვეყნის გარეთ გავიდეს, დაათვალიეროს და თანხა დახარჯოს. ჩინელ ტურისტებს შორის ორი ნაკადი გამოირჩევა: მათი ნაწილი დიდ თანხას ხარჯავს კომფორტსა და ფუფუნების საგნებში, მეორე ნაკადს კი საშუალო ფენის წარმომადგენლები ქმნიან, რომლებიც სამვარსკვალვიან სასტუმროებში ჩერდებიან და ოჯახთან ერთად ისვენებენ. საერთოდ, აზიური ბაზარი მრავალმხრივ საინტერესოა, მაგრამ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებებს შორის მე მაინც საუდის არაბეთსა და ჩინეთს გამოვარჩევდი“, - აცხადებს შალვა ციკოლია.

თუ ტურიზმის სფეროში საუდის არაბეთი გააქტიურდება, ამას კერძო სექტორი მხოლოდ მიესალმება - განაცხადა ჩვენთან საუბრისას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა - ნატა კვაჭანტირაძემ.

„არაბული ქვეყნებიდან ტურისტები აუცილებლად უნდა მოვიზიდოთ. ეს საკმაოდ მდიდარი ქვეყნებია, რომლის მოქალაქეებს სოლიდური შემოსავალი აქვთ და სურთ დასვენებაში ფული დახარჯონ. არაბული სამყარო ძალიან მიმზიდველია ჩვენი ტურისტული ბიზნესისთვის. უბრალოდ, სწორი მარკეტინგული გათვლებია საჭირო, რომ ის ტურისტები მოვიზიდოთ, რომლებიც მაღალი მხარჯველობითი უნარით გამოირჩევიან. კერძო სექტორი ამ ქვეყნების გააქტიურებას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება. რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა ქვეყანაში, მით უფრო მეტი შემოსავალი გაჩნდება ამ სფეროში და ქვეყნის ეკონომიკაც უფრო გამოცოცხლდება“ - აცხადებს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი.

ხათუნა ჩიგოგიძე