თბილისში საცხოვრებელი ფართების ქირა გაძვირდა, გირაო კი - გაიაფდა

თებერვალში საცხოვრებელი ფართის საშუალო ღირებულებამ ვერაზე ერთ კვადრატულ მეტრზე 63 დოლარით მოიმატა და 1303 აშშ დოლარი შეადგინა. უმნიშვნელოდ, 12 დოლარით გაძვირდა საცხოვრებელი ვაკეში, 1291 დოლარამდე, - აღნიშნულია უძრავი ქონების კვლევაში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ჩაატარა.

მესამე ადგილზე უბნებს შორის, საცხოვრებელი ფართების სიძვირით მთაწმინდაა, სადაც კვადრატული მეტრი 1260 დოლარი ღირს, თუმცა, მისი ფასი ერთ თვეში 170 დოლარით შემცირდა.

მას მოსდევს ავლაბარი - 815 დოლარით (იანვარში 973 დოლარი ღირდა), მეხუთე ადგილს კი საბურთალო იკავებს - 803 დოლარით (ერთ თვეში ფასები 40 დოლარით შემცირდა).

კვლევის ფარგლებში შერჩეული უბნებიდან ყველაზე დაბალი საშუალო ფასი დაფიქსირებულია ლილოში - 520 დოლარი, სადაც საცხოვრებელი ფართის ღირებულებამ ერთ თვეში 21 დოლარით მოიმატა).

რაც შეეხება ქირას, სიძვირით, როგორც წესი, ვაკე-ბაგები ლიდერობს: ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ქირის საშუალო ღირებულება წინა თვესთან შედარებით 29%-ით გაიზარდა და 11,4 დოლარი შეადგინა.

”ქირა იანვარში თითქმის ყველა უბანში გაძვირდა, მაგალითად, ძველი თბილისში 25% -ით (ერთ კვადრატულ მეტრზე 10,7 დოლარამდე), დოლიძე-ბახტრიონზე - 30%-ით (10,4 დოლარამდე), 35%-ით - ავლაბარში (9,8 დოლარამდე), ასევე 27%-ით- ფონიჭალაში, სადაც ყველაზე დაბალი ფასი - კვადრატულ მეტრზე 4,4 დოლარი, დაფიქსირდა”, - განაცხადა კვლევის ავტორმა, გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება გირავნობას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თებერვალში ვაკე-ბაგებში დაფიქსირდა - 633 დოლარი/კვადრატულ მეტრზე (ერთ თვეში 8,4%-ით გაძვირდა). მეორე ადგილზე საბურთალოა - 448 დოლარი (იანვარში დაფიქსირდა 337 დოლარი), მესამეზე კი - ძველი თბილისი – 433 დოლარი (იანვარში დაფიქსირდა 305 დოლარი).

საცხოვრებელი ფართის გირაოს საშუალო მოცულობა 16%-ით შემცირდა დიდუბეში (344 დოლარი/კვადრატულ მეტრზე), 28%-ით - დიღმის მასივში (305 დოლარი/კვადრატულ მეტრზე), ხოლო 32,5%-ით- ბახტრიონსა და დოლიძეზე (291 დოლარი/კვადრატულ მეტრზე).