ხელნაკეთი ბრენდის ისტორია

ყველაზე მაღალი ხარისხის ოსტატობით დამზადებული ხელნაკეთი ვისკი - Balvenie 120-წელზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის. ხშირად ასოციაციურად როლს-როისთან აიგივებენ: უილიამ გრანტის საოჯახო ბიზნესის შემადგენლობაში მყოფი ქარხანა მსოფლიოში ერთადერთია, სადაც სწორედ გრანტის პატივსაცემად შთამომავლებმა უძველესი ტრადიციების შემონახვა გადაწყვიტეს და ვისკის წარმოების სრული ციკლი შეინარჩუნეს. საკუთარი ღირებულებების გათვალისწინებით, Balvenie იმ ქართულ ბრენდებზე ფოკუსირდა, რომლებიც ტრადიციულ ხელნაკეთ პროდუქტებს ქმნიან.bpn

ანუკა ქებურიას წარმატებული ფეხსაცმლის და აქსესუარების ბრენდის ისტორია დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, წელს კი „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე“ 2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში ტანსაცმლის ხაზსაც წარადგენს. იმისათვის, რომ ბრენდ Anuka Keburia-სთან კომფორტული, ბუნებრივი და ორიგინალური პროდუქცია ყოფილიყო ასოცირებული, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ლონდონის Central Saint Martins-ში და ფლორენციის აკადემიაში ტყავის ნაწარმზე მუშაობის როგორც შემოქმედებითი, ასევე - ტექნიკური ნიუანსები დეტალურად შეისწავლა და ქართულ რეალობაში ხელნაკეთი ფეხსაცმლის და აქსესუარების წარმოების ორიგინალური მეთოდები დანერგა.

სამხატვრო აკადემიაში მოდელირების ფაკულტეტზე, აქსესუარების და ტყავის მიმართულებით სწავლობდა. პირველ კურსზე კონკურს „რუსულ სილუეტში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც ჟიურის წევრი იმ პერიოდის ერთადერთი მოქმედი დიზაინერი - მაკა ასათიანი იყო. მაკას ანუკას ნამუშევრები ძალიან მოეწონა და სტაჟიორობა შესთავაზა. პირველი სამუშაო გამოცდილება სწორედ მაკა ასათიანის მოდის სახლში მიიღო, სადაც 1 წელი გაატარა.

შემდეგ თბილისში ხელნაკეთი ფეხსაცმლის ლუქს-კლასის ბრენდი - „სანდალი“ გამოჩნდა, რომელმაც ანუკას თანამშრომლობა შესთავაზა. „სანდალის“ გამოწვევა მიიღო და 5 წლის განმავლობაში ფეხსაცმლის და აქსესუარების დიზაინერის პოზიციაზე იმუშავა. შეისწავლა მათი დამზადების ტექნოლოგია, ტყავზე მუშაობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ნიუანსი და მეთოდი: „სანდალში“ ხელოსნების მუშაობას ვუყურებდი და ფეხსაცმლის დამზადების უამრავ დეტალს სწორედ მათგან ვსწავლობდი. თარგის კეთებაც შევისწავლე, მიუხედავად იმის, რომ ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მიმაჩნია, რომ ასეთი ნიუანსების ცოდნა დიზაინერს ეხმარება, უფრო სრულყოფილი მოდელები შექმნას“.bpn

2006-ში ლონდონში გაემგზავრა, Central Saint Martins-ის ფეხსაცმლის დიზაინის კურსზე, სადაც უშუალოდ ხელნაკეთი ფეხსაცმლის ტექნოლოგიაზე ფოკუსირდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი უკვე საკუთარი შოურუმი გახსნა და ტყავის პროდუქციის - ხელნაკეთი ფეხსაცმლის და აქსესუარების წარმოება დაიწყო.

რა განსხვავებები აღმოაჩინე Central Saint Martins-ში და ფლორენციის აკადემიაში სწავლისას ევროპულ და ქართულ ტექნოლოგიებს შორის?

ანუკა ქებურია: შეიძლება ითქვას, ხელნაკეთი ფეხსაცმლის ტექნოლოგია მაინც ყველგან ერთნაირია, მხოლოდ თარგის აღების პროცესები და ლანჩის ძირის დამუშავების მეთოდები განსხვავდება მინიმალურად. შევისწავლე ქარხნული წესით დამზადების ტექნიკაც, რაც უფრო მეტად დაზგების ხარისხსა და კატეგორიაზეა დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მიმართულება ხელნაკეთი ტექნოლოგიები იყო, ორივე მეთოდი ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია: მათ შორის განსხვავება შრომის გადანაწილებაში მდგომარეობს - რასაც აქ ხელით ვაკეთებთ, ქარხნული წარმოების შემთხვევაში იმ შრომას მანქანები ითავსებენ. არის გარკვეული ეფექტები, რომელთა მიღწევაც ხელნაკეთი მეთოდით უფრო ხელმისაწვდომია - ამა თუ იმ ფორმის მიღება ხელოსანს უკეთ შეუძლია და პირიქით - არსებობს ნიუანსები, რაც მხოლოდ ქარხნული მეთოდებით მიიღწევა.

2010 წელს ფლორენციის აკადემიაში 3-კვირიან ვორქშოფზე წავედი, სადაც ფაბრიკაში გუნდური მუშაობის პრინციპები შეგვასწავლეს: მასობრივ საწარმოებს ერთი დიზაინერი არ ჰყავთ, ერთი გუნდი რამდენიმე დიზაინერს აერთიანებს. ეს მეთოდი რადიკალურად განსხვავდება ხელნაკეთისგან, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სპეციალიზება ხელნაკეთ ტექნოლოგიებზე მოვახდინე, მიმაჩნია, რომ თუ ამ სფეროში მოღვაწეობას აპირებ, ორივე ტექნოლოგიაში უნდა იყო ჩახედული. სამწუხაროდ ხშირად ხდება, როდესაც დამწყები დიზაინერები ესკიზს ქმნიან და მას ვერც ქარხნული და ვერც ხელნაკეთი მეთოდებით ვერ ახორციელებენ, რადგან დამზადების ტექნოლოგიებს არ იცნობენ.

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი?

თანასწორად მნიშვნელოვანია როგორც ფეხსაცმლის ვიზუალური მხარე, ასევე კომფორტულობა. აქედან გამომდინარე, ფეხსაცმლის შექმნის სპეციფიკა 3 ძირითად კომპონენტზე უნდა იყოს დამყარებული:

1. ფეხსაცმელი უნდა იყოს კომფორტული, რასაც სწორად კონსტუირებული კალაპოტი და თარგი განაპირობებს;

2. აუცილებელად ბუნებრივი მასალებისგან უნდა იყოს დამზადებული: ბოლო დროს ჩინურ წარმოებაში ხელოვნური მასალების გამოყენება დაინერგა, რამაც ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასები საგრძნობლად დააგდო - სამწუხაროდ, დღეს უამრავი წარმოება მთელ მსოფლიოს იაფფასიან ფეხსაცმელებს, ტანსაცმელს და აქსესუარებს სთავაზობს, მაგრამ მათი ლამაზი ვიზუალი და დაბალი ფასი ჯანმრთელობის გარანტიას არ იძლევა: ხელოვნური ტყავის ფეხსაცმლის ტარება ხომ რევმატიზმიდან დაწყებული, უამრავ დაავადებას იწვევს;

3. მესამე კომპონენტი კი ვიზუალური მხარეა - დიზაინერი უნდა ეცადოს, ყოველთვის რაღაც ახალი და საინტერესო შექმნას.

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქცია იმისათვის, რომ ევროპის ბაზარზე მოხვდეს? რას ითხოვენ ბაიერები?

ისინი დიზაინერისგან რამდენიმე პირობას ითხოვენ: პირველ რიგში რაღა თქმა უნდა, ხარისხს; ასევე მნიშვნელოვანია, პროდუქცია სხვადასხვა ზომაში მიაწოდო; და აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის მასალები, რომლებიც კოლექციაშია გამოყენებული - დიდი შეკვეთის მიღების შემთხვევაში დიზაინერმა არ უნდა აღმოაჩინოს, რომ მასალა დეფიციტურია და შეკვეთის განხორციელება არ შეუძლია.

ეს სტანდარტები ჩვენთან ნელ-ნელა ინერგება და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფო ჭყონიას: მას „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულებზე“ ძალიან სერიოზული სტუმრები ჩამოჰყავს - საინტერესო პრესის წარმომადგენლები და რაც მთავარია, გავლენიანი ბაიერები, ყოველივე ამის გათვალსიწინებით კი მოდის კვირეული სამუშაო სახეს იღებს და სცდება გასართობ ფუნქციებს - „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული“ ქართველ დიზაინერებს უდიდეს შანსს გვაძლევს, წარმატებას საზღვარგარეთაც მივაღწიოთ.

რა არხებით მოიპოვებ წარმოებისთვის საჭირო მასალებს?

სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე არ მოიძებნება ისეთი ფაბრიკა, რომელსაც შეუძლია, მაღალი ხარისხის ტყავი აწარმოოს, აქედან გამომდინარე, მასალებს უმეტესად საზღვარგარეთ ვიძენთ - რადგან ხარისხზე ვარ ორიენტირებული, უმეტესად ევროპის ქვეყნებში. მოგეხსენებათ, მომხმარებლებს ფეხსაცმლის 2 ხაზს ვთავაზობ და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მეორე ხაზიც თავიდან ბოლომდე ბუნებრივი მასალებით იქმნება, დაბალ ფასს კი პროდუქციას სტანდარტული თარგების და ქარხნული წარმოების საშუალებით ვადებ, რაც ხელოსნებს შრომას უადვილებს.

რამდენი ხელოსანია დასაქმებული პირველ, შედარებით ძვირადღირებულ ხაზზე?

1 მოდელზე 1 კვირის განმავლობაში 3 ხელოსანი მუშაობს - თარგის კონსტრუქტორი, ზედაპირის მკერავი და ძირების ოსტატი; ჩანთებზე კი სხვა ხელოსანია დასაქმებული.

რა სიახლეებს სთავაზობ მომხმარებელს კოლექციით, რომელსაც „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე“ მაისში წარადგენ? რა ტექნოლოგიებია გამოყენებული ამ კოლექციის შექმნისას?

წელს პირველად აქსესუარის სახით სამკაულებსაც წარვადგენ - სამაჯურებს, საყურეებს და ყელსაბამებს, ტანსაცმელში კი ქართული ორნამენტების დეტალები გამოვიყენე: ოსური კაბების სახელოები, აჭარული ყაბალახის და ნაბადის კონსტრუქციები. ქართული თემა იმდენად სათუთი და საპასუხისმგებლოა, რომ ამ დეტალებს დიდი სიფრთხილით ვარჩევდი.

მესტიის მუზეუმში არაჩვეულებრივი სილამაზის მეტალებით მოჭედილი ტყავის ზედაპირიანი წიგნია დაცული, სწორედ ის გახდა ჩანთების ხაზის შთაგონება: ბუნებრივი ტყავით და მეტალის ელემენტებით წიგნის ტიპის ჩანთები გავაკეთე, სამოსში კი ძველი ქართული ორნამენტებით დამზადებული ვერცხლის ღილები გამოვიყენე, რომლებიც სპეციალურად ოქრომჭედლებს დავამზადებინე. საყურეებიც ვერცხლისგანაა დამზადებული და გაფორმებულია ძველი ქართული ორნამენტებით. ასევე, ფეხსაცმელებში მეტალის წერტილებით გაფორმებული ტყავის რანტი გამოვიყენე: ეს დეტალი ხელნაკეთი მეთოდით ურთულესი დასამზადებელია.

რა სიტუაციაა ადგილობრივ ბაზარზე ხელოსნების მხრივ? ბევრი დიზაინერი აღნიშნავს, რომ კომპეტენტური მუშახელი არ გვყავს…

პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნე, დამზადების ტექნოლოგია დიზაინერმა უნდა იცოდეს, რომ ხელოსანს შესრულების პრინციპი აუხსნას - ამ შემთხვევაში უფრო რეალისტურია სასურველი პროდუქციის მიღება.

წინა კოლექცია, რომელიც ბესთსელერი გახდა, უძველესი ქართული ტექნოლოგიებით გააკეთე. როგორ აღმოაჩინე და შეისწავლე ეს ტექნოლოგიები, რა პრინციპებს მოიცავდა მუშაობის პროცესი?

უამრავი წიგნი მაქვს ფეხსაცმლის ტექნოლგოების და კოსტიუმების ისტორიების შესახებ: ადრე, სანამ ფეხსაცმლის კერვაში მეტალის ლურსმნებს გამოიყენებდნენ, ხის ალტერნატივას მოიხმარდნენ; წინა კოლექცია სწორედ ასეთი ლურსმნებით გავაკეთე - ისინი სპეციალურად დურგალს გამოვათლევინე. საკმაოდ პრაქტიკული აღმოჩნდა ფეხსაცმელები, რომლებიც 2010-ში გამოვუშვი: ქუსლის დეტალებად ასევე უძველესი ტექნოლოგიით დამზადებული ხრახნები გამოვიყენე.

რა სჭირდება განვითარებისთვის ყველაზე მეტად ქართული მოდის ინდუსტრიას?

რაც შეიძლება მეტი ბაიერი და ტურიზმის განვითარება. ხელნაკეთი პროდუქცია მთელ მსოფლიოში ძალიან ფასობს - საზღვარგარეთ დაახლოებით 10-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში. ამიტომაც, რაც უფრო მეტი საშუალება გვექნება ქართველ დიზაინერებს, პროდუქცია საზღვარგარეთ გავიტანოთ და უცხოელებს აქ ჩამოსვლის და ქართული ნაწარმის ნახვის საშუალება მიეცეთ, ინდუსტრიაც უფრო სწრაფად განვითარდება.

რაც შეეხება მუშახელს, კონსტრუქტორების და ხელოსნების გამოჩენასაც მოთხოვნის ზრდა განაპირობებს. ასევე, სასურველია, იმპორტირებულ მასალებზე ნაკლები გადასახადები იყოს დაწესებული, რაც თავის მხრივ პროდუქციის თვითღირებულებას გაზრდის; თუმცა განბაჟების პრობლემები საზღვარგარეთ გამოფენებზე სიარულის დროსაც გვექმნება - როდესაც კოლექციები აქედან სადმე მიგვაქვს, პირველ რიგში, წონის საკმაოდ დიდი საფასურის გადახდა გვიწევს, უცხო ქვეყანაში შეტანისას კი - განბაჟების.

ყველაზე მეტად რომელ ქვეყნებშია ბრენდ Anuka Keburia-ზე მოთხოვნა?

გამიჭირდება გამოყოფა, თუმცა წინა წლებში განსაკუთრებული მოთხოვნა ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ვლადიკავკაზიდან იყო. სამწუხაროდ, ბოლო 2 წელია, ამ რეგიონებში ინფლაცია მიმდინარეობს და გაყიდვებმა იკლო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულებზე“ სოფო ჭყონიამ ძალიან საინტერესო სტუმრები მოიწვია, მათი დამსახურებით კი ქართველი დიზაინერების ცნობადობა მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა. ამაში უდიდესი წვლილი ასევე მთელ მსოფლიოში ძალიან ცნობილ ქართველ დიზაინერებს - დემნა გვასალიას და დევიდ კომას მიუძღვით.

როგორია Anuka Keburia-ს პროდუქციის გაყიდვების პროცენტული გადანაწილება საქართველოში და საზღვარგარეთ?

50/50-ზე.

(R)