მინისტრთა კაბინეტმა დღეს აგროდაზღვევის პროექტი დაამტკიცა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, აგროდაზღვევის პროგრამაში მიმდინარე წლიდან თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70% იქნება, ხოლო ვაზზე - 50%.
მათივე ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს ან 100 ჰექტარს, შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება.
გასული წლისგან განსხვავებით წელს შემცირდა მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4-დღის ვადით განისაზღვრა.
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას.
აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან წელს 7 მილიონი ლარი გამოიყოფა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 3 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა.
2014- 2016 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: გაცემულია 47,485 პოლისი, დაზღვეული ფართობი შეადგენს 39,138 ჰა-ს, ჯამში დაიზღვა 326,842,630 ლარის მოსავალი, ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 22,051,912 ლარის სუბსიდირება მოახდინა, 2 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 19 მლნ ლარამდე შეადგინა.