2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა, რაც 427-ით მეტია 2015 წელთან შედარებით.
საქსტატის 2016 წლის მონაცემებით, განქორწინების ყველაზე მეტი წილი 3 064 ერთეული იმ წყვილებზე მოდის, რომელთაც ქორწინებაში დაახლოებით 4 წელი გაატარეს, მას მოსდევს 2 296 ერთეულით 20 და მეტი ხანგრძლივობის ქორწინების მქონე წყვილთა განქორწინება, 2 274 განქორწინება დაფიქსირდა 5-დან 9 წლამდე ქორწინებაში მყოფ წყვილებზე. 2016 წელს განქორწინებული წყვილების უმრავლესობა პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა.
საქსტატის ცნობით, 2016 წელს რეგისტრირებული განქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა 3 688 ერთეული თბილისზე მოდის, 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლი 87 ერთეულით გაიზარდა. გასულ წელს 1 450 რეგისტრირებული განქორწინება დაფიქსირდა იმერეთში, 982 კი ქვემო ქართლში. ყველაზე ცოტა 56 განქორწინება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დარეგისტრირდა.
რაც შეეხება ქორწინებებს, გასულ წელს საქართველოში 25 101 ადამიანი დაქორწინდა და 2015 წელთან შედარებით ქორწინების რიცხვმა 4 056 ერთეულით დაიკლო.
საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი ქორწინება 20-24 და 25-29 წლის ახალგაზრდებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 20-დან 24 წლამდე 7 978 ქალი, ხოლო 25-დან 29 წლამდე 7 174 კაცი დაქორწინდა.
საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს ყველაზე მეტი 7 304 ქორწინება თბილისში დარეგისტრირდა, თუმცა ეს რიცხვი 2015 წლის მონაცემზე (8 249 ქორწინება) 945 ერთეულით ნაკლებია. 3 832 ქორწინება დარეგისტრირდა იმერეთში, 2 631 კი აჭარაში. 2016 წელს ყველაზე ცოტა, 203 ქორწინების რეგისტრაცია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა.