ევროკავშირის 21 მილიონ ევროიანი დახმარება ბიუჯეტს, პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის განაწილდება

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ დაფინანსების შესახებ ორ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ორივე ხელშეკრულება ერთად საქართველოსათვის 21 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსებას ითვალისწინებს, რისი მიზანიც ქვეყანაში სახელმწიფოს ფინანსების მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების მხარდაჭერა და კარგი მმართველობისათვის ხელის შეწყობა, ასევე სახელმწიფო მომსახურების ხარისხის გაძლიერებაა.

ეს ფინანსური დახმარება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მესამე ტრანშია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ფინანსების მართვის ორ წარმატებულ წინა პროგრამას ეფუძნება, რომელთა საერთო მოცულობა 26 მილიონ ევროს შეადგენდა. ამავე დროს, ახალი პროგრამა პირველია, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო, არამედ პარლამენტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც.

საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერების დაფინანსების ხელშეკრულების მოცულობა 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამა ხელს შეუწყობს პარლამენტს სახელისუფლებო ზედამხედველობის ახალი შესაძლებლობების განვითარებას.

პარლამენტის ხელმძღვანელობა და საპარლამენტო კომიტეტები მიიღებენ დახმარებას პოლიტიკის მომზადებისა და საზედამხედველო ფუნქციის უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის. ამასთან, საპარლამენტო კომიტეტები, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის კომიტეტები გაივლიან მომზადებას მათი საბიუჯეტო ზედამხედველობისა და აუდიტის გასაუმჯობესებლად.

21 მილიონიანი ევროს დახმარების ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ხელი სახელმწიფო მინისტრმა ალექსანდრე პეტრიაშვილმა მოაწერა.

როგორც პეტრიაშვილმა განმარტა, 21 მილიონი ევროდან 19 მილიონი ევრო მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში ტრანშების მეშვეობით, ხოლო 2 მილიონი ევრო ზემოხსენებული საჯარო უწყებებისათვის ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, რომ "ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულების გაფორმების კიდევ ერთი რეპეტიცია იმისთვის, რომ გაცილებით მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწეროს სამომავლოდ ხელი".

თავის მხრივ, შტეფან ფულემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ქვეყანაში სამთავრობო ხარჯების მართვისა და მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება.