Windows Phone და  Android ერთ სმარტფონში

ინდური კომპანია Karbonn Mobiles ერთდროულად Android-ის და Windows Phone 8-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონს გამოუშვებს.

როგორც The Times of India წერს, სმარტფონის მახასიათებლების შესახებ დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ მისი გაყიდვა 2014 წლის ივნისიდან დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდება თუ არა ჰიბრიდული მოდელი ინდოეთის ფარგლებს გარეთ.

Karbonn Mobiles-მა Microsoft-ისგან, რომელსაც ოპერაციული სისტემა Windows Phone ეკუთვნის, "ორმაგი" ოპერაციული სისტემის მქონე მოწყობილობის გამოშვების უფლება მიიღო.

Karbonn Mobiles-ის მოწყობილობა იქნება პირველი სმარტფონი, რომელიც ერთდროულად ორ, Windows Phone -ის და Android-ის ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს. სმარტფონისგან განსხვავებით, Windows 8-ისა და Android-ის ერთობლივ ბაზაზე მომუშავე პლანშეტებს უკვე უშვებენ Asus-ი და ViewSonic-ი.

ინფორმაცია, რომ Microsoft-ი აღარ ეწინააღმდეგება Windows Phone-ის სხვა ოპერაციულ სისტემებთან ერთად გამოყენებას, ცოტა ხნის წინაც გახდა ცნობილი. 2013 წლის ოქტომბერში სააგენტო Bloomberg წერდა, რომ კომპანიამ ტაივანურ HTC-ს მიმართა ინიციატივით Windows Phone, Android-ის სისტემაზე მომუშავე საკუთარ მოწყობილობებში გამოეყენებინა, როგორც მეორე ოპერაციული სისტემა.