ეროვნული ბანკი საქართველოს საგადასახადო ბალანსის 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს საგადასახადო ბალანსის, 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს. ბანკის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ 2016 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 661.6 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი, მეოთხე კვარტალის მშპ-ს 17.5 პროცენტი) შეადგინა. ამავდროულად, წლიური მაჩვენებელი 1.9 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა და მშპ-ს 13.3 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 1.8 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი) შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში 3.5 პროცენტიანი შემცირების შედეგად 3.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მეოთხე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 3.3 პროცენტით ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მეოთხე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 6.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 1.0 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 12.5 პროცენტით გაიზარდა და მეოთხე კვარტალში 481.2 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 11.8 პროცენტით გაიზარდა და 2016 წლის მეოთხე კვარტალში 331.3 მლნ აშშ დოლარი (826.8 მლნ ლარი) შეადგინა. გაზრდილი იყო როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ტრანსფერები.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე კვარტალში 271.8 მლნ აშშ დოლარი (678.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 7.2 პროცენტია. მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე აღნიშნულია, რომ საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქციის", შესაბამისად.