აშშ უკრაინას 1 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

ამის შესახებ გუშინ საღამოს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა.

"ამერიკა მზადაა უკრაინას საკრედიტო გარანტიები მისცეს. ჩვენ ვმუშაობთ მხარდასაჭერად, როგორც შეგვიძლია. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა მოთხოვნები არსებობს. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კონგრესს დაავალა, უკრაინის დასახმარებლად ყველა საჭირო გზა გამონახოს", - აღნიშნა ქერიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკა მხოლოდ ფინანსური დახმარებით არ შემოიფარგლება და უკრაინას სხვა სფეროებშიც გაუწევს დახმარებას.

"ჩვენ გვსურს უკრაინისათვის დახმარების მთელი პაკეტი მოვამზადოთ, მათ შორის აღმოვუჩინოთ ექსპერტული დახმარება ეკონომიკის გასაჯანსაღებლად და კორუფციასთან საბრძოლველად", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ჯონ კერის თქმით, თუ რუსეთი ყირიმში კონფლიქტის ესკალაციას განახორციელებს, ამერიკა იძულებული გახდება შესაბამისი ზომები მიიღოს დასავლელ პარტნიორებთან ერთად. მათ შორის, მოიაზრება დიპლომატიური და ეკონომიკური შეზღუდვებიც.

"თუკი რუსეთი გადაწყვეტს, მხარი არ დაუჭიროს კონფლიქტის დეესკალაციას, არ იმუშავებს უშუალოდ უკრაინის მთავრობასთან (ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ერთად იმუშავებენ), ასეთ შემთხვევაში, ჩვენს პარტნიორებს სხვა არჩევანი აღარ ექნებათ, გარდა იმისა, რომ შემოგვიერთდნენ და მივიღოთ ის ზომები, რომელსაც მივმართავთ რუსეთის იზოლაციისთვის დიპლომატიურ და ეკონომიკურ ფორმატში", - აღნიშნა ჯონ კერიმ პრესკონფერენციაზე.