2017 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 437.6 მილიონი ლარით შემცირდა და 18.25 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის თებერვლის მიმოხილვაშია ნათქვამი.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 15.1% შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 11.9% იყო.
საკრედიტო პორტფელის შემცირებაზე გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის შემცირებამ, რაც განპირობებულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით.
თებერვლის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 81.2% გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 69.0% უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 41.6 პროცენტს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 150.1 მილიონი ლარით (2.3 პროცენტით) გაიზარდა და 6.61 მილიარდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თებერვალში 16.0 მილიონი ამერიკული დოლარით (0.3 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.64 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამ კატეგორიის კრედიტების 57.0%-ს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.2% გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. მთლიან სესხებში 63.5 პროცენტს შეადგენს სესხები უცხოური ვალუტით. უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად ფიზიკური პირების დაკრედიტების კლებით არის გამოწვეული.