სახალხო დამცველის შეფასებით, ”ცენტრ პოინტის” საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულების უფლებების დაცვას და მათთვის კომპენსაციების გაცემას. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განუცხადა.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური შეფასება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს გაეცნობა.
”პრობლემურია ის საკითხი, რომ ამ გადაწყვეტილებით დაზარალებულთა უფლებები კვლავ არ არის დაცული. ანუ საუბარია იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს კომპენსაციების გაცემას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულთა უფლებების დაცვა და შემოთავაზებულია კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ დაზარალებულთა უფლებები იყოს დაცული”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.