შტეფან ფულე: ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს ცხოვრების უფრო მაღალ ხარისხს ყველა ქართველისთვის

ასოცირების ხელშეკრულება სწრაფი დასაქმების, მაღალი ხელფასებისა და ეკონომიკური წარმატების მოკლე გზა არ არის, - განაცხადა გუშინ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას ევროკომისარმა შტეფან ფულემ.

მისი თქმით, ეს ხელშეკრულება საქართველოს მომავალში ინვესტირებაა.

"რას ეხება ასოცირების ხელშეკრულება - ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სავაჭრო ხელშეკრულება. რეფორმები საქართველოს მიამსგავსებს ევორკავშირის წევრ ქვეყნებს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ის ქართულ საზოგადოებაში მოიტანს ევროპულ მთავარ ფასეულობებს - ურთიერთპატივისცემას, ტოლერანტობას და კანონის უზენაესობას. მოიტანს პროგნოზირებულობას და თანმიმდევრობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და არა მარტო წესებსა და რეგულაციებში, რომელიც მართავს ეკონომიკურ აქტივობას. ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს ცხოვრების უფრო მაღალ ხარისხს ყველა ქართველისთვის. მოკლედ, ეს ხელშეკრულება არის ინვესტირება საქართველოს მომავალში", - განაცხადა შტეფან ფულემ.

ევროკომისარის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად საქართველოს ბაზარზე ევროკავშირიდან ჭარბი იმპორტის შემოდინება იქნება მოსალოდნელი.

"ეს სწორი არ არის, რადგან ხელშეკრულება ორმხრივია, რაც ნიშნავს, რომ არის შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირის ბაზარზე და ასევე ევროკავშირის კომპანიებისთვის - ქართულ ბაზარზე. გარდამავალი პერიოდი საქართველოს ეკონომიკას უეცარი ცვლილებისგან დაიცავს. შიშები არსებობს, რომ ასოცირების ხელშეკრულება გაანადგურებს ქართული ეკონომიკის მთელ სექტორებს, რაც ასე არ არის. ხელშეკრულება ქართულ ეკონომიკას საშუალებას აძლევს ევროკავშირს დაეწიოს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით და სარგებელი ნახოს მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე გასვლით", - განაცხადა ფულემ.

მისი თქმით, "სენსიტიურ სექტორებს ექნებათ გარდამავალი პერიოდი და ადაპტაციისთვის დრო მიეცემათ".

"მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების კანონის მოდერნიზებას რვა წელი დასჭირდება. ქართული ეკონომიკის უმტკივნეულო ტრანსფორმაცია ჩვენს ინტერესშია. უახლეს ისტორიას უნდა შევხედოთ, რომ ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკამ სარგებელი ნახოს ევროკავშირში გაწევრიანებით. მაგალითად, ავიღოთ უკრაინა და პოლონეთი. 1990 წელს პოლონეთისა და უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის იდენტური იყო. ხუთი წლის შემდეგ, ევროკავშირ-პოლონეთის ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი უკრაინასთან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა. მთლიანი უცხოური ინვესტირება უკრაინაში 42%-ით შემცირდა, პოლონეთის კი 66%-ით გაიზარდა", - განაცხადა ფულემ.

ფულემ ასევე უარყო მითები იმის შესახებ, თითქოს ევროპულ ბაზარზე ქართული ბიზნესისთვის შესაძლებლობები არ არსებობს.

"ევროკავშირს 500-მილიონი მომხმარებელი ჰყავს - 1000-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა. ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წელს 11.3 ტრილიონი იყო. არ არის გასაკვირი, რომ დამოუკიდებელი კვლევების მიხედვით, თავისუფალმა და ყოვლისმომცველმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეიძლება მოიტანოს ექსპორტის გაორმაგება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან ევროკავშირში", - განმარტა შტეფან ფულემ.

ევროკომისარმა ის მოსაზრებაც უარყო, რომლის მიხედვით, ასოცირების ხელშეკრულებით მხოლოდ დიდი სოფლის მეურნეობები და ინდუსტრიული მწარმოებლები ისარგებლებენ. მან თქვა, რომ ქართული კანონები, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსვლის შემდეგ, პატარა და საშუალო მწარმოებლებს ევროპის დიდ ბაზარზე კონკურენციის გაწევაში დაეხმარება.

მოგვიანებით, საპატრიარქოში ილია მეორესთან შეხვედრისას ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ აისახება ევროპული ღირებულებები კანონმდებლობაში, რადგან ევროპა არ აპირებს საქართველოს თავს მოახვიოს ლიბერალური ღირებულებები. მისი თქმით, ეს წელიწადი საქართველოსა და ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მალე ხელი მოეწერება ყველაზე ფართომასშტაბიან ხელშეკრულებას, რომელიც კი ევროკავშირს ოდესმე გაუფორმებია თავის პარტნიორთან. ფულეს განცხადებით, ასეთ ხელშეკრულებას ევროკავშირი მხოლოდ ყველაზე დაწინაურებულ პარტნიორებთან აფორმებს. ევროკომისარის თქმით, ქართველებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ თავად მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავის მომავალთან დაკავშირებით.