ბაზრობების ასოციაცია გარემოვაჭრეებს შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს.
ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.
„დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.
გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ“, - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.