თბილისისა და სხვა ქალაქების საცხოვრებელი კორპუსების დიდ ნაწილში ლიფტები სავალალო მდგომარეობაშია.
დაჟანგული სისტემა, დაზიანებული კარი, ღიობები ლიფტის კაბინასა და კედელს შორის, არასათანადო განათება, ლიფტების ხშირი გაჭედვა - ეს ყოველდღიური რეალობაა. ახლახან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 9 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ პრობლემის სიმწვავე.
ვინ უზრუნველყოფს ლიფტების უსაფრთხოებას და ვინ უნდა აგოს პასუხი ტრაგედიის გამო?
არსებობს კერძო აკრედიტებული მაკონტროლებელი ორგანოები, ასევე, ტექნიკური და სამშენებლო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება, მაგრამ ფაქტია, პრობლემა მოუგვარებელია.
"მარტო თბილისში 9000-ზე მეტი ლიფტია უკონტროლოდ, ყუთებიდან ამოღებული არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ შედის"
შპს "საქართველოს ლიფტების კომპანიის სერვისის" დირექტორი გიორგი კობახიძე ხელისუფლებას დროულ რეაგირებას სთხოვს.
- რა ტრაგედიაც საბურთალოზე მოხდა, შემაძრწუნებელია. ის ლიფტი მანამდე რომ შემოწმებულიყო, უბედურება არ დატრიალდებოდა. როგორც ჩანს, სიძველის გამო ბადე აღარ ვარგოდა. სულაც 5 ლარის ბადე რომ ეყიდათ და დაემაგრებინათ, ბავშვი თავს ვეღარ შეყოფდა...
ამ სფეროში სრული ქაოსია, სტრუქტურა მთლიანად მორღვეულია, ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. არადა, ლიფტები ძალიან საშიშია, თუ ჩამოვარდა, ძალიან მცირეა გადარჩენის შანსი. შეიძლება ავტოკატასტროფას გადაურჩე, მაგრამ ლიფტის ჩავარდნისას გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ასეთ დროს შეიძლება საპირწონეც კი მოწყდეს და დაიშალოს.
რამდენიმე წლის წინ საბურთალოზე კაბინა მოწყდა, მას საპირწონეც მიჰყვა და ჩაჭრა ჩავარდნილი კაბინა. კაბინაში მყოფი ქალი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, ლიფტის კედელს იყო მიყრდნობილი და იმან გადაარჩინა. იყო შემთხვევა, როცა დიპლომატის შვილი და ძიძა ჩაცვივდნენ ლიფტში... ქუთაისშიც დაიღუპა მოქალაქე, რუსთავში შეკეთების დროს დაიღუპა ლიფტიორი... შარშან შარდენზეც ჩამოვარდა ლიფტი, 5 კაცი იყო შიგნით. დაშავდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩნენ. სასაცილო კომენტარი გაკეთდა, ხტუნაობდნენ და იმიტომ ჩამოვარდაო. ეს აბსურდია. ლიფტი რამდენიმე ტონას უძლებს, მაგრამ დღემდე ჩვენს კორპუსებში უმეტესად ისევ კომუნისტების დროინდელი, ყავლგასული ლიფტებია.
- გამგეობები ხომ აფინანსებენ ლიფტების შეკეთებასა და მონტაჟს?
- ყველა კორპუსს ჰყავს ამხანაგობის თავმჯდომარე და შეუძლია, გამგეობას ლიფტის აღდგენა მოსთხოვოს. გამგეობა 70-80 პროცენტით აფინანსებს, მაგრამ ლიფტს მოვლა სჭირდება, ყოველთვიური გეგმური შემოწმება, რაც სტანდარტებით გათვალისწინებულია. როდესაც გამგეობები სამუშაოს აფინანსებენ, უნდა მოსთხოვონ ამხანაგობას, აუცილებლად რომელიმე კომპანიასთან ან ისეთ ფიზიკურ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც ნამდვილად სერტიფიცირებულია და იცავს ყველა წესს. 4 წლის წინ გამგეობის დაფინანსებით გამოცვლილი ლიფტი უკვე აღარ ვარგა და იმავე ამხანაგობას ახლის დასამონტაჟებლად ბიუჯეტიდან თანხას ისევ აძლევენ.
- ბევრ კორპუსში დამონტაჟებულია რკინის ყუთები, სადაც ფული იყრება, ეს თანხა არ უნდა მოხმარდეს ლიფტის შეკეთებას?
- ბიუჯეტში აქედან არაფერი შედის და სახელმწიფო რამდენიმე მილიონს კარგავს. კერძო ლიფტიორის ინსტიტუტი ყველაზე შავი ლაქაა. ვის ჯიბეში მიდის ეს თანხები, წარმოდგენა არავის აქვს.
ჩვენ 420 ლიფტი გვაქვს აღრიცხვაზე, მათ ყოველთვე დეტალურად ამოწმებენ ჩვენი ხელოსნები და ავსებენ აქტს, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე ან კორპუსის მობინადრე. შემდეგ ლიფტს მონიტორინგის სამსახური ამოწმებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ლიფტებზე, რომ იქ არავინ დაშავდება... ლიფტების მომსახურებაზე სხვა კომპანიებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ, მაგრამ, ძირითადად, ამ სფეროს კერძო პირები ემსახურებიან, რომლებიც შესამოწმებლად მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა ლიფტი გაფუჭდება.
მე ვიცი ორი კაცი, რომლებიც 300 ლიფტს ემსახურებიან. თითო რკინის ყუთიდან 250-300 ლარი ამოდის თვეში და წარმოიდგინეთ, 300 ლიფტის მომსახურების შემთხვევაში რა თანხები მიდის მათ ჯიბეებში. სტატისტიკას თუ გადახედავთ, ყველა ლიფტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კერძო ლიფტიორის იყო... განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა გარეუბნებში. სერიოზული პრობლემებია ნუცუბიძეზე. თბილისში იმდენი საშიში ლიფტია, მე პირადად, ასეთ ლიფტებში არ შევდივარ.
დრო გადის, ლიფტები უფრო და უფრო ძველდება, ამიტომ გახშირდება ტრაგედიებიც. საჭიროა ხელისუფლების სასწრაფო რეაგირება.
მარტო თბილისში 9000-ზე მეტი ლიფტია უკონტროლოდ, ყუთებიდან ამოღებული არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ შედის. ამ კერძო ლიფტიორებს ჰყავთ ე.წ. კრიშა. ასე მარტივად ვერ მოჰკიდებ მათ ლიფტებს ხელს, შეიძლება მოკვლითაც დაგემუქრონ. ყოფილა შემთხვევა, მეც დამმუქრებიან. ყოველთვე მათთან შედის დიდი ოდენობით შავი ფული. ალბათ გახსოვთ ძმები ატალშიკოვების შემზარავი მკვლელობა, ერთი ძმა იყო ამ ბიზნესში და მომხდარი მკვლელობა სწორედ ლიფტების ბიზნესს უკავშირდებოდა. საკმაოდ ბევრი შემთხვევა ყოფილა ისეთი, როცა ლიფტების ბიზნესს ადამიანი შეეწირა. პრობლემა ძალიან მწვავეა და ამ ყველაფერს სჭირდება სახელმწიფოსგან მკაცრი რეგულაციები და კონტროლი. დიდი კორუფციული გარიგებებია, უზარმაზარი თანხები ტრიალებს ამ სფეროში და არავინ იცის, რაში იხარჯება და რა მიმართულებით მიდის ფული. ფაქტია, არც ერთი თეთრი არ შედის ბიუჯეტში. მათთან გარიგებული არიან ამხანაგობის თავმჯდომარეები. შეიძლება 6-სადარბაზოიანი კორპუსის ლიფტიორმა ამხანაგობის თავმჯდომარეს მისცეს 300 ლარი და ის კმაყოფილი ჰყავდეს, თვითონ კი დიდი თანხა ჩაიჯიბოს ამ კორპუსიდან. ასეთი კორპუსი კი უამრავი აქვთ.
რას აკეთებს ამ დროს ფინანსური პოლიცია?! რას აკეთებს გამგეობა, რომელსაც ამის გაკონტროლება შეუძლია?! ეს ბიზნესი სერიოზული მაფიის ხელშიIა და მასთან ბრძოლა ადვილი არ არის. მაშინ გაურკვეველ ჯგუფს უნდა დაეჯახო, რაც ძალიან საშიშია. ყუთებიდან ამოღებული ფული ბიუჯეტში რომ შევიდეს და ისევ ლიფტების პრობლემას მოხმარდეს, მერწმუნეთ, ასეთი სავალალო მდგომარეობა ქვეყანაში არ იქნება. ლიფტების 70-80% გასაჩერებელია.
- ვინ უნდა აგოს 9 წლის ბავშვის სიკვდილზე პასუხი?
- იქ შახტის მთლიანობა იყო დარღვეული, ამას შეეწირა ბავშვის სიცოცხლე. ჩემი აზრით, პასუხისმგებელია ამ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, ასევე ის ლიფტიორი, რომელიც ემსახურებოდა კორპუსს. მიმაჩნია, რომ გამგეობის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს...
"თბილისში ლიფტების 70-80% გასაჩერებელია"
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც აკრედიტაცია გაიარა და ლიფტებისა და სხვა საშიში ობიექტების უსაფრთხოების გამოვლენა ევალება, "სიეი ინთერნეიშენალია". კომპანიის გენერალური დირექტორი სანდრო შელია:
- ჩვენ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს კონკრეტულ დარღვევაზე ვაწვდით ინფორმაციას. არავის ვაჯარიმებთ, ჩვენი ფუნქცია მხოლოდ გამოვლენა, ანგარიშის შედგენა და სერტიფიკატის გაცემაა. საქართველოში რამდენი ლიფტია, არავინ იცის. ჩვენი მონაცემებით, 14 000-მდე და უმეტესობა თბილისშია. საბურთალოს გამგეობას აღრიცხული აქვს 1 200 ლიფტი. სახელმწიფოს არ ჰქონდა რესურსი, რომ ყველა ლიფტისთვის ჩაეტარებინა ინსპექტირება. ლიფტების უმრავლესობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. თითოეული ლიფტი ამხანაგობის საკუთრებაა... ჩვენ უმეტესად ის მოგვმართავს, ვინც ახალ ლიფტს ამონტაჟებს. ამ პროგრამას მერია აფინანსებს. შემდეგ უნდა გაიაროს ინსპექტირება, რათა კომპანიამ მიიღოს სერტიფიკატი და მერიამ თანხა გადაურიცხოს... ჩვენ ვამოწმებთ მაშინ, როცა განცხადება შემოდის. არა გვაქვს უფლება, ვინმეს დავაძალოთ, ლიფტი შეგვამოწმებინოს.
ახლო მომავალში ვაპირებთ საპილოტე პროგრამის განხორციელებას, ჩავატარებთ რამდენიმე ლიფტის ინსპექტირებას, რომ საერთო მდგომარეობაზე შეგვექმნას წარმოდგენა და გამგეობასაც ეცოდინება, როგორ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა.
- თითქმის ყველგან დგას ყუთები და გროვდება თანხები, ვინც ემსახურება კორპუსს არ უნდა იყოს პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე?
- არიან კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ფულს იღებენ. აუცილებელია მომსახურეთა კომპეტენციის დადასტურება. მოსახლეობამ რა იცის, ვის ენდოს?! მათ ადამიანების სიცოცხლე აბარიათ. მთავრობამ სავალდებულო უნდა გახადოს ინსპექტირება. ჩვენ რომ გვქონოდა ინფორმაცია და შეგვემოწმებინა ის ლიფტი ვაჟა-ფშაველაზე, მაშინვე დავაკონსერვებდით.
- ამ ტრაგედიის მერე მაინც თუ შეამოწმებთ კორპუსებს?
- ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, დავარწმუნოთ ამხანაგობა, რომ ლიფტების ინსპექტირება აუცილებელია.
ისევ სახელმწიფომ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, დაჯარიმების ვალდებულება. ჩვენ ჯერ მხოლოდ 250-300 ლიფტი გვაქვს ინსპექტირებული, ეს კი ზღვაში წვეთია... დღეს თბილისში ძველი ლიფტების დიდი უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ინსპექტირების შემთხვევაში, მათი 70-80% გასაჩერებელი გახდება. ამას კი მოსახლეობა ვერ შეეგუება. ამიტომ, სანამ ხელისუფლება ამ პრობლემას მოაგვარებს, კარგი იქნება, ასეთ ლიფტებთან გაიკრას განცხადება: სიცოცხლისთვის საშიშია! მერე მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, შეუქმნას თუ არა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე.
"წელიწადში 800-1000 ლიფტს ვამოწმებთ, ყველას ვერ გავწვდებით"
ჩვენ დავინტერესდით ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს პოზიციითაც. როგორც გაირკვა, არც ისინი ამოწმებენ ლიფტებს, თუ შეტყობინება არ მიიღეს.
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 3 აპრილის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად