”ცენტრ პოინტის” ქონება დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურებისთვის სრულიად საკმარისია , - ამის შესახებ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზარალის ანაზღაურებაში იგულისხმება მხოლოდ დაზარალებულების მიერ შეძენილი ბინების დასრულება და ჩაბარება, ხოლო მათთვის თანხის გადახდაზე საუბარი არ არის.
”დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურებას ”ცენტრ პოინტის” ქონება ეყოფა და უფრო მეტიც არის, ვიდრე მათი ზარალის ანაზღაურებისთვისაა საჭირო. მარტო ერთი ინვესტორი გვყავს, რომელიც ერთ მიწის ნაკვეთში იმდენს იხდის, რომ 7-8 ობიექტს დავამთავრებთ. თუ მოლაპარაკებები დასრულდება წარმატებით, მაშინ შესაძლოა მაიას გარეშეც დაიწყოს ერთი ობიექტის მშენებლობა, სავარაუდოდ, ერთ თვეში”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.
იმავე დღეს პროკურატურამ ყველა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურების პირობით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.