ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრისთვის მოქალაქეები 80 ლარით დაჯარიმდებიან, ორ კილოგრამზე ზევით კი, ჯარიმა 150 ლარს შეადგენს.
ამის შესახებ ”თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველმა მოადგილე დავით დოლიძემ განაცხადა.
დღეიდან, დედაქალაქის ქუჩებში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.
ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის კატეგორიაში შედის სიგარეტის ნამწვიც. შინაური ცხოველის ფეკალიებით ქალაქის დაბინძურებისთვის პატრონი 50 ლარით დაჯარიმდება. ერთ კუბამდე სამშენებლო ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის 200 ლარიანი, იურიდიული პირისთვის კი, 500 ლარიანი ჯარიმა არის განსაზღვრული. ერთ კუბზე ზევით სამშენებლო ნარჩენით ქალაქის დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი, 1500 ლარით დაჯარიმდება. დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება.
”ინსპექტორები პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტურისტულ ზონებში, პარკებში, სკვერებში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში იმოძრავებენ, სადაც დანაგვიანების შემთხვევები ხშირია. ინსპექტორების დანიშნულება ქვეითი მოძრაობაა, ისინი მანქანით არ გადაადგილდებიან. მოქალაქის მიერ მანქანიდან ნარჩენის გადაგდების შემთხვევაში, ჩვენ ფაქტს დავაფიქსირებთ და შესაბამის უწყებებს გადავცემთ, ეს არის საპატრულო პოლიცია და ა.შ. ვინც შესაბამის რეაგირებას მოახდენს”, - განმარტა დავით დოლიძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეიდან, ორი კვირის განმავლობაში ინსპექტორები მოქალაქეებს გააფრთხილებენ, რომ ნარჩენები არ დატოვონ. ისინი სპეცსამოსით იმოძრავებენ და სამხრე კამერებითა და ფოტოაპარატებით აღჭურვილები იქნებიან.
80 GEL for dropping cigarette – Littering penalties determined in Georgia