”როსნეფტი” ფოთის ნავთობტერმინალის შესყიდვებზე მოლაპარაკებებს ადასტურებს

რუსული კომპანია ”როსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტი, მიხეილ ლეონტიევი ადასტურებს, რომ კომპანია ფოთის ნავთობტერმინალის შესყიდვაზე მის მფლობელთან , ”ჩენელენერჯისთან”, მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიის აქტივების 50% უკვე შეისყიდა.

”დიახ, არის ინტერესი, რომელიც უკავშირდება ”როსნეფტის” მიერ გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, საწვავის მთლიან მოცულობას ვაწვდით სომხეთს. ეს დიდი მოცულობაა, რომელიც ფოთის ტერმინალით უნდა გადავტვირთოთ. ეს კომერციული მოლაპარაკებებია და დეტალებს არ გავახმოვანებ”, - განაცხადა ლეონტიევმა,

თუმცა, ”როსნეფტში” იმასაც აღნიშნავენ, რომ პორტში ვითარება ”კრიმინალურ-პოლიტიკური ხასიათის გარემოებებითაა დამძიმებული”, რაც რუსულ კომპანიას აშფოთებს.

”პორტის ნომინალური აქტივების ერთ-ერთი ბენეფიციარი ყოფილი თავდაცვის მინისტრია. ეს არც ისე მარტივია. თუმცა, თუ რუსეთი კარგ პირობებს მიიღებს, შესაძლებელია, კიდეც შედგეს შეთანხმება. პრინციპში, ახლა საქართველოში შემოსვლის სასიცოცხლო აუცილებლობა არ დგას. ქვეყანაში რომ შეხვიდე, მის მთავრობასთან პოზიტიური ურთიერთობა უნდა გქონდეს”, - განაცხადა ლეონტიევმა.

ამასთან, ”როსნეფტმა” ბათუმის ნავთობტერმინალის შესყიდვით დაინტერესება კატეგორიულად უარყო.

”ამის შესახებ არაფერი მსმენია. ეს ჰგავს ვიღაცის მცდელობას, სასურველი რეალობად გაასაღოს”, - განაცხადა ლეონტიევმა.

აღსანიშნავია, რომ ”როსნეფტს” სომხეთის ნავთობპროდუქტების ბაზრის დაკავების (მისი მოცულობა კი წელიწადში 360 ათას ტონას აღწევს) სერიოზული ინტერესი გააჩნია. კომპანიამ სამჯერ, 12 მილიონ ტონამდე, გაზარდა ტუაფსეს ნავთობგადამამუშვებელი ტერმინალის სიმძლავრე, შესაბამისად, საექსპორტო არეალის გაფართოება ესაჭიროება.

გასული წლის დეკემბერში სომხეთს ”როსნეფტის” პრეზიდენტი, იგორ სეჩინი ესტუმრა და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში სეჩინმა სომხეთში მაღალტექნოლოგიური კაუჩუკის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმება გააფორმა, სადაც 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ამავე დროს, სომეხ პარტნიორთან, ”ოილ ტექნოსთან” ერთად, ”როსნეფტმა” ერთობლივი კომპანია ”როსნეფტ სომხეთი” დააფუძნა და მასთან ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე ხელშეკრულებაც გააფორმა. გარდა ამისა, ინტენსიური მოკვლევა დაიწყო მეზობელ ქვეყანაში საწვავის საბითუმო და საცალო ქსელების აქტივების შესყიდვაზე.

სომხეთს ნავთობპროდუქტების ძირითადი ნაწილი აქამდე ფოთის პორტის გავლით თურქული კომპანია OMV-ის რუმინეთში მდებარე ქარხნებიდან მიეწოდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ რუმინეთში რუსული კომპანია ”ლუკოილის” მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოც მდებარეობს, სახელმწიფო კომპანია ”როსნეფტისთვის” წარმოების ერთიანი ჯაჭვი იკვრება. სომხეთისთვის ნავთობის მიწოდების ერთადერთი გზა კი ფოთის ნავთობტერმინალზე გადის - ყარაბაღის კონფლიქტის გამო აზერბიაჯანის ტერიტორიას ”როსნეფტი” ვერ გამოიყენებს.

საჯარო რეესტრის მონაცემემით, ფოთის ნავთობტერმინალის აქციათა 75% გიბრალტარში დარეგისტრირებულ კომპანია ”ჩენელ ენერჯის” ეკუთვნის, 25% კი - ფოთის პორტს. “ჩენელ ენერჯი” თავდაცვის ყოფილ მინისტრის, დავით კეზერაშვილის, სახელს უკავშირდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, კეზერაშვილის აქტივების უმეტესობა, მათ შორის, ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერატორი შპს „ჩენელ ენერჯი“ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა შეიძინა.

„2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დავით იაკობაშვილმა, თბილისში დაბადებულმა, მაგრამ რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, რომელიც შვედეთის პასპორტით სარგებლობს, რამდენიმე სარეკლამო და ენერგეტიკული კომპანია შეიძინა, რომლებსაც, ჩვენი ინფორმაციით, მანამდე ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა (ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით). როგორც ირკვევა, 2011 წლიდან იაკობაშვილი რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებს ოფშორული ჰოლდინგები ფლობს, იაკობაშვილის ცნობადობა კი ქართულ საზოგადოებაში ძალზე დაბალი იყო, მისი კავშირები მხოლოდ მთავრობის ცვლილების შემდეგ გახდა საჯარო“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანალიზში.