ალექსანდრე ჯეჯელავა - პასუხს ვაგებ იმაზე, რომ სახელმძღვანელოები იქნება ძალიან ხარისხიანი

დარწმუნებული ვარ და რა თქმა უნდა, პასუხს ვაგებ იმაზე, რომ სახელმძღვანელოები იქნება ძალიან ხარისხიან.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, გამოცხადდა გრიფირების პროცესი და სახელმძღვანელოებს დაბეჭდავენ კერძო დაწესებულებები, გამომცემლები, პოლიგრაფისტები და ა.შ.

რაც შეეხება გამომცემლობების ნაწილის კრიტიკას, ჯეჯელავას თქმით, ის გამომცემლობები, რომლებსაც ყველაზე მეტი პრეტენზიები აქვთ, არიან ძალიან მაღალი გამოცდილების მქონეები ცუდი სახელმძღვანელოების გამოშვებაში, თან მაღალ ფასად.

”მათ, თავის დროზე შეძლეს, რომ მაღალ ფასად ცუდი სახელმძღვანელოები შეექმნათ, ამიტომ მათი წუხილი სახელმძღვანელოების ხარისხზე უადგილოა. დარწმუნებული ვარ და რა თქმა უნდა, პასუხს ვაგებ იმაზე, რომ სახელმძღვანელოები იქნება ძალიან ხარისხიანი”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრმა ტენდერთან დაკავშირებული საკითხები განმარტა.

”არსებობს ასეთი სატენდერო სქემები, მაგალითად, მსოფლიო ბანკი იყენებს საკონსულტაციო მომსახურებაში, როცა ხარისხს აქვს მაღალი წონა და მხოლოდ მაღალხარისხიანი მონაწილეები შედიან საფასო კონკურენციაში, ამის მსგავსი თემაა, ანუ ჯერ გადავარჩევთ საუკეთესო სახელმძღვანელოებს, შემდეგ საუკეთესოებში შედგება საფასო კონკურენცია, საუკეთესოებში ყველაზე დაბალი ფასის მქონე რამდენიმე მიიღებს გრიფირებას”, - განაცხადა მინისტრმა.