თებერვალში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის ყველაზე დაბალი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რიცხვმა თებერვალში წინა წელთან შედარებით 0,8%-ით მოიმატა და 294 043 შეადგინა. ზრდის ასეთი დაბალი ტემპი ბოლო ხუთი წელია, არ დაფიქსირებულა (შარშან 2012 წლის თებერვალთან შედარებით მატებამ 57.5 % შეადგინა).

აქედან, იანვარ-თებერვალში იმ ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში, სულ მცირე, 24 საათს გაჩერდა, 12%-ით გაიზარდა და 230 696 -ს მიაღწია. გაცილებით მეტად (38%-ით) ტრანზიტით გადაადგილებულთა რიცხვმა მოიმატა.

თებერვალში წელს 24,7%-ით ნაკლები თურქი გვესტუმრა, თუმცა, ისინი მთლიანი ვიზიტორების მესამედს შეადგენდნენ (91 042 ვიზიტორი), სამაგიეროდ, 20,6% -ით გაიზარდა სტუმრების რაოდენობა აზერბაიჯანიდან (73 889), ხოლო 16 %-ით - სომხეთიდან (64 157).

თებერვალში 31%-ით გაიზარდა რუსი ტურისტების რიცხვი და 36 046 ვიზიტორით განისაზღვრა (აღსანიშნავია, რომ შარშან მატებამ სარეკორდო მაჩვენებელს - 138%-ს მიაღწია). წელს 17 %-ით მეტი უცხოელი გვესტუმრა ევროკავშირიდან (9 450), 48,4% -ით მეტი - უკრაინიდან (8 795).

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, მნიშვნელოვანი (36%-იანი) კლება დაფიქსირდა ირანის მიმართულებით, საიდანაც საქართველოს თებერვალში 2 112 მოქალაქე ეწვია.