საგზაო სამუშაოების გამო, ხვალ, ამაღლების ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საგზაო სამუშაოების გამო, 4 აპრილს, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

„09:00 საათიდან 19:00 საათამდე შინდისის, წავკისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთისა და ოქროყანის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს დროებით შეცვლილი მარშრუტით: ავტობუსები ორბელიანის მოედნიდან პუშკინის ქუჩით იმოძრავებენ თავისუფლების მოედანზე, მოტრიალდებიან ბარათაშვილის ქუჩისკენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გორგასლის ქუჩის გავლის შემდეგ მოხვდებიან შინდისის ახალ გზატკეცილზე, საიდანაც გზას გააგრძელებენ დადგენილი სქემით. ზემოთ ჩამოთვლილი დასახლებებიდან თბილისის ცენტრისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი არ იცვლება.

შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს, საგანგებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.