კახეთში ვენახი და მუშახელი გაძვირდა

სექტემბრიდან მოყოლებული, კახეთში ვენახები გაძვირდა. იქაური ფერმერების თქმით, ერთი ჰექტარი ვენახი ზოგან 10-15 ათასი დოლარიც კი ღირს. ამავე დროს, მოიმატა მუშახელის ფასმაც - თუ ადრე მუშები დღეში 15 ლარს ითხოვდნენ, დღეს ეს თანხა გაორმაგებულია.

ალაზნის ველის ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ჯემალ ხატიაშვილს სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში საკმაოდ დიდი მეურნეობა აქვს, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოჰყავს, მათ შორის რქაწითელიც.

"წელს მუშახელი მართლა ძალიან გაძვირდა. თუ ადრე დღეში 15 ლარს ვუხდიდით, ახლა უკვე 25-30 ლარს ითხოვენ. უფრო კვალიფიციური მუშები კი, ვისაც ამ დარგში ცოდნა აქვს, 60-70 ლარსაც თხოულობენ. რა თქმა უნდა, თვითონ მუშებისთვის ეს კარგია იმიტომ, რომ შემოსავალი გაეზარდათ, თუმცა ფერმერებს უფრო მეტის გადახდა გვიწევს, როცა მათი დაქირავება გვინდა," -ამბობს ხატიაშვილი და დასძენს, რომ მიწის ფასმაც ძალიან მოიმატა. კერძოდ, 1 ჰექტარი დაუმუშავებელი მიწის ფასი უკვე 1500-2000 დოლარს აღწევს, ხოლო ვენახის ფასი 8000-დან 10 000 დოლარამდე გაიზარდა.

ფერმერი ვენახისა და მუშახელის გაძვირების ფაქტს შარშან ყურძნის ფასის მატებას და კახეთში მიწის შესყიდვით უცხოელების დაინტერესებას უკავშირებს.

"შარშან ყურძნის ფასმა მოიმატა და გლეხს მისი რეალიზაცია აღარ გასჭირვებია. თანაც, მიწას კახეთში უცხოელებიც ყიდულობენ, განსაკუთრებით - ინდოელები და არაბები. ალბათ, სწორედ ამ ფაქტორების გამო აიწია მიწის ფასმაც," - მიაჩნია ჯემალ ხატიაშვილს.

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს, "ძველი თელავის" რწმუნებული, გიორგი მოსიაშვილი ადასტურებს, რომ გასულ წლებში გამართული ვენახის შეძენა 5-6 ათას დოლარად იყო შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს ასეთივე ვენახების ფასი 10-12 ათას დოლარს აღწევს.

"განსაკუთრებულ ადგილებში, მაგალითად, ქინძმარაულის ზონაში, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტშია, ვენახის ფასი 15 ათასი დოლარი და მეტიც კი გახდა. სხვათა შორის, ეს ის ადგილია, სადაც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს ვენახი და სახლი აქვს. თელავის მაგალითსაც გეტყვით: თუკი სოფელ წინანდალში ერთი ჰექტარი ვენახი ათი ათასი დოლარი ღირს, თელავის დასავლეთით, სოფელ რუისპირში ერთი ჰექტარი ვენახი უფრო იაფია - 6-7 ათასი დოლარი. როგორც წესი, ფასს მიწის ხარისხი და ადგილმდებარეობა განაპირობებს," - ამბობს მოსიაშვილი.

ის ფასების მატების მიზეზს პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებაში ხედავს. განსაკუთრებით კი, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით.

"2006 წლიდან საქართველოში რუსეთის ემბარგო მოქმედებდა და როგორც ყურძენზე, ასევე ღვინოზე, მოთხოვნა ნაკლები იყო. რამდენიც უნდა ემტკიცებინათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, ევროპამ ჩაანაცვლა რუსეთის ბაზარიო, ეს მტკნარი სიცრუე იყო: ღვინის ის რაოდენობა, რომელიც საქართველოდან 2004-2005 წლებში გადიოდა, ჩვენ მომდევნო წლებში აღარ გაგვიტანია. ღვინის ქარხნები ყურძენს ვეღარ იბარებდნენ იმიტომ, რომ გასაღების ბაზარი არ ჰქონდათ და გლეხიც იძულებული იყო ვაზი ამოეძირკვა. დღესდღეობით ეს სიტუაცია აშკარად შეიცვალა: ქართულმა კომპანიებმა უკვე გაიტანეს ღვინო რუსულ ბაზარზე და ღვინის ნაწარმზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც კი გაიზარდა ღვინის ექსპორტი, გაძვირდა ყურძენიც - ეს ურთიერთდაკავშირებული პროცესია. ამავე დროს, სახელმწიფოც დაეხმარა ჩვენს გლეხებს - წარმატებით ჩატარებულმა რთველმა და ყურძნის მაღალმა ფასმა კი თავისთავად, ვენახების გაძვირება გამოიწვია," - განმარტავს მოსიაშვილი.

ვენახების გაძვირებას სავარაუდოდ, ის ფაქტიც განაპირობებს, რომ გასაღების ბაზრის ზრდასთან ერთად ფერმერები უკვე დაინტერესებულნი არიან, ახალი ნეკვეთები შეიძინონ და საკუთარი მეურნეობები განავითარონ.

"კახეთისათვის მევენახეობა პერსპექტიული დარგია. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ღვინოც გაძვირდეს და მუშახელის ფასმაც კიდევ უფრო მოიმატოს, რაც ცუდი ნამდვილად არ არის," - მიიჩნევს გიორგი მოსიაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე