გიორგი კვირიკაშვილი - ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ

ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება.

”ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაწყებულია და ის სრულიად ახალ იმპულსს შესძენს ქუთაისს. ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. მე არაერთხელ მითქვამს, როგორც ჩვენს გუნდში, ასევე საჯაროდ - ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ! ქუთაისი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი და ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი. ქუთაისი ისტორიულად იყო და არის კულტურული ცენტრი საქართველოსი და ის გახდება სატრანსპორტო ლოგისტიკური, ტურისტული ცენტრი.

აქ მოსვლამდე ჩვენ გავხსენით ახალი სასტუმრო Best Western Kutaisi. ეს არის პირველი საერთაშორისო ბრენდის, თანამედროვე სასტუმრო ქუთაისში, რომელიც საპარტნიორო ფონდთან ერთად განხორციელდა. აქ მოსვლამდე მე ვიყავი საწარმო ”იმერში”, რომელიც არის თანამედროვე საფეიქრო წარმოება, სადაც ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შესაძლებელი გახდა 200-მდე სამუშაო ადგილის დამატება.

ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს ანაკლიაში. ეს არის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ყველაფერი ერთიანი კომპლექსი იქნება. აქ სარკინიგზო ბაქანი არის შემადგენელი იმ სივრცითი განვითარების პროექტის, რომელიც 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია და რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა წერტილში ძირითადი ინფრასტრუქტურის მიყვანას.

ქუთაისი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოს სივრცითი განვითარების. საქართველოს აქვს სრულიად დასაბუთებული ამბიცია, იყოს რეგიონული ცენტრი”, - განაცხადა პრემიერმა.