ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ან პირიქით გაივლის, გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პროექტი სულ რამდენიმე თვეში დასრულდება. ”აქ იქნება სარკინიგზო ბაქანი, რომლიდანაც მგზავრები შეძლებენ სულ რამდენიმე ნაბიჯში მოხვდნენ აეროპორტის ტერმინალში.
ქუთაისის აეროპორტი ამ სადგურთან ერთად გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, რომ ხელმისაწვდომ ფასებში, დღეს უკვე უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში, ისინი ისარგებლებენ თანამედროვე კომფორტული მატარებლებით”, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობას მიზნად აქვს, რომ ქუთაისის აეროპორტიდან მატარებლით შესაძლებელი იყოს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოხვედრა, ეს იქნება ზღვის თუ მთის კურორტები.
”დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ეს არის რკინიგზის და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირების პროექტი, რომელიც დღეიდან სულ რამდენიმე თვეში ამოქმედდება. ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური სატრანსპორტო ცენტრი. ამ პროექტის შედეგად, საქართველოს ყველა წერტილი დაუკავშირდება ქუთაისს სულ ორიოდე საათის მგზავრობის მანძილით”, - განაცხადა გუშინ პრემიერმა.