”ცენტრ პოინტის” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, ყადაღა კომპანიის კუთვნილ 41 ქონებას მოეხსნა. ამის შესახებ ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლების - მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყადაღის მოხსნის თაობაზე ჩანაწერი მოსამართლე გიორგი ებანოიძის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილშია, თუმცა ადვოკატის თქმით, ყადაღის მოხსნის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არცერთი მხარის მიერ არ გასაჩივრდება.
”ყადაღა მოეხსნა 41 ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთებსა და ბინებს, მაგრამ ყადაღის მოხსნაზე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა 1-ელ მაისს, იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ერთი მხარე არ გაასაჩივრებს ანუ გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც გავასაჩივრებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, თუ, რა თქმა უნდა, მხარეებს შორის არ შედგა საპროცესო შეთანხმება”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.
იმავე დღეს პროკურატურამ ყველა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურების პირობით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.