მოწინავე ქვეყნებში დაზღვევის სისტემა ძალიან კარგად არის განვითარებული.
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული დაზღვევა გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიტანეს: ეს გახლავთ სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც მის მფლობელს 201 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამ დაზღვევის მფლობელი ტექნოლოგიური ბიზნესით დაკავებული ამერიკელი მილიარდერია. სამწუხაროდ, მისი ვინაობა დღემდე არ არის ცნობილი. დაზღვევის კულტურა თანდათან საქართველოშიც შემოდის, თუმცა ამ სფეროში უამრავი ხარვეზი შეიმჩნევა, რაზეც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება.
- მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეს სფერო აშკარად წინ წავიდა, სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი: ხშირად ეს კომპანიები კლიენტებს არაკეთილსინდისიერად ეპყრობიან და მათთვის თანხის გადახდას თავს არიდებენ. თავდაპირველად ყურადღებას გავამახვილებ სამედიცინო დაზღვევაზე, რადგან აქ ყველაზე მეტ დარღვევას ვაწყდებით. ჩემს პრაქტიკაში ამ ტიპის დაზღვევასთან დაკავშირებული არაერთი ფაქტი ყოფილა. სადაზღვევო კომპანიები ხშირად არიან გარიგებაში პროვაიდერ კლინიკებთან და როდესაც პაციენტის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას ადგენენ, ბევრ რამეს ამახინჯებენ. ჩემს საადვოკატო პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის კლიენტმა სამკურნალოდ პროვაიდერ კლინიკას მიმართა, სადაც ის 30 საათის განმავლობაში იწვა.
სამედიცინო დახმარება კი გაუწიეს, მაგრამ საბუთებში 23 საათი ჩაუწერეს ანუ კლინიკაში შესვლის და გაწერის დრო შეგნებულად შეუმცირეს, რითაც თანხის გადახდას თავი აარიდეს. 30 საათის განმავლობაში პაციენტს კომპანიისთვის გაცილებით მეტი თანხის მოთხოვნა შეეძლო. კიდევ ერთი ასეთი ფაქტი მახსენდება: საკმაოდ ცნობილი და პრესტიჟული კომპანია პაციენტს არ უნაზღაურებდა დაზღვევის თანხას და თავს იმით იმართლებდა, რომ პროვაიდერ კლინიკას გარკვეული ლიმიტი ჰქონდა დაწესებული. სასამართლო პროცესზე პაციენტს უმტკიცებდნენ - თქვენს მიერ მიღებული მომსახურება დადგენილ ლიმიტს სცდებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ლიმიტი 2, ან 3 ათასი ლარია, სადაზღვევო კომპანია ამაზე მეტ თანხას არ აანაზღაურებს. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დადგეს ამგვარი დაბრკოლების წინაშე და დაზღვევით განკუთვნილი თანხა ვერ მიიღოს.
-ბატონო ირაკლი, ყველაზე დიდი სირთულე რა არის დაზღვეულთათვის?
-პირველ ყოვლისა, ბუნდოვანი და გაურკვეველი ხელშეკრულებები. სადაზღვევო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები ხშირად იმდენად რთული ტერმინოლოგიით არის შედგენილი, რომ კომპანია თუ მოინდომებს, ყოველთვის თავს დაიძვრენს და უარს იტყვის თანხის ანაზღაურებაზე. მათი კლიენტების უმრავლესობა ხელშეკრულებას არც კითხულობს და რომც წაიკითხოს, ისინი იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერც გაიგებს. თანაც, ხელშეკრულებებში ისეთი პუნქტებია ჩადებული, რომელიც ორმაგად იკითხება და საშუალებას აძლევს სადაზღვევო კომპანიას თანხა არ აანაზღაუროს. სერიოზული პრობლემა ისიც, როცა სადაზღვევო კომპანიები დროულად არ ურიცხავენ თანხას სამედიცინო დაწესებულებებს, რის გამოც სამედიცინო პერსონალი ხელფასს დროულად ვერ იღებს.
-სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში რა დარღვევები შეიმჩნევა?
- სესხის გამოტანისას, ბანკები მსესხებელს ავტომატურად აზღვევენ, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ თანხა აანაზღაუროს. სინამდვილეში, თუ მსესხებელი დაიღუპება, ბანკი მის თავდებში მყოფ პირს ავალდებულებს, რომ თანხა გადაიხადოს. სადაზღვევო კომპანიები თანხას არ იხდიან თვითმკვლელობის შემთხვევაშიც. იგივე ხდება მაშინ, როცა გარდაცვალება არ არის დაკავშირებული შემთხვევითობასთან და თუ მსესხებელმა იცოდა, რომ რთული მდგომარეობა ჰქონდა და ეს ბანკს არ შეატყობინა. ძალიან ბევრ დარღვევას ვაწყდებით ავტომობილების დაზღვევაშიც. მაგალითად: როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, თუ საჭესთან ზის მძღოლი, რომელსაც ეს მანქანა არ ეკუთვნის, ან მართვის მოწმობა არა აქვს, მაშინ სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს გადაიხადოს დაზღვევით გათვალისწინებული თანხა.
იყო შემთხვევა, როდესაც ავარიის შემდეგ კლიენტი დაიბარეს და დააწერინეს განცხადება, რომ ის უარს ამბობდა დაზღვევის თანხაზე, თანაც, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე მოხდა. ერთ-ერთი პირი, რომელსაც ავტომობილი დაზღვეული ჰქონდა, თავის ნაცნობს დაეჯახა. რატომღაც, სადაზღვევო კომპანიამ მიიჩნია, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო. მას თანხის გადახდაზე დღემდე უარს ეუბნებიან. რაში სჭირდებოდა ამ ადამიანს წინასწარ დაეგეგმა ავარია, როცა ორივე მანქანის შეკეთება დაუჯდება იმდენი, ან გაცილებით მეტი, რაც სადაზღვევო კომპანიამ უნდა გადაიხადოს? მით უმეტეს, შეკეთებული ავტომანქანის ღირებულება საგრძნობლად მცირდება.
- უძრავი ქონების დაზღვევის დროსაც ხდება მსგავსი ფაქტები?
- რასაკვირველია. მესაკუთრემ უნდა წარადგინოს, რა მიზეზით განადგურდა, ან დაზიანდა უძრავი ქონება და თუ ასეთი მიზეზი ვერ დადგინდება, სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება თანხის ანაზღაურებისგან. ყოფილა შემთხვევა, როცა ხანძრის მოწყობას და სახლის დაწვას ოჯახის წევრებს აბრალებდნენ.
საშინელი მდგომარეობაა აგროდაზღვევაშიც: სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ჩადიან რეგიონებში, დაზარალებული ფერმერები დაუფიქრებლად აწერენ ხელს ხელშეკრულებებს და მერე კომპანია ყველანაირად ცდილობს მათ კუთვნილი თანხა არ აუნაზღაუროს. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ხელშეკრულების ერთი მუხლი ზოგჯერ ერთს ამბობს, მეორე კი - სულ სხვას. ამიტომ, ნებისმიერი ადვოკატის რჩევა დაზღვეულების მიმართ ასეთია: კარგად წაიკითხეთ სადაზღვევო ხელშეკრულება და ყურადღებით გაეცანით მის პირობებს. ძირითადი დებულებები მაინც უნდა იცოდეთ, რომ ბოლოს წაგებული არ დარჩეთ.
ხათუნა ჩიგოგიძე