პაშა ბანკის მხარდაჭერით სოფელ კონდოლში ეკო-პროექტი განხორციელდა

1 აპრილს სოფელ კონდოლში (თელავის რ-ნი, კახეთი) როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ინიციატივით და პაშა ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა გარემოსდაცვითი პროექტი.

პროექტის პარტნიორები ასევე იყვნენ World Vision და პალიტრა ჰოლდინგის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი".

პროექტის ფარგლებში მოხდა სოფელ კონდოლის სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის პრეზენტაცია. სამუშაო პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული სკოლის მოსწავლეები და World Vision-ის ბენეფიციარი ბავშვები. აქვე გაიმართა კინოჩვენება გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და საგანმანათლებლო ლექცია ეკოლოგიაზე.

ღონისძიების ფარგლებში ჩამოყალიბებული ეკო-კლუბი იზრუნებს ბაღის მოვლაზე და შეგროვილი მაკულატურა ჩაბარდება პალიტრა ჰოლდინგის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსს და გადაიცვლება ლიტერატურაში.

„პაშა ბანკისთვის აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე გარემოს დაცვით აქტივობებს. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ სამუშაო პროცესში უშუალოდ სკოლის მოსწავლეები და World Vision-ის ბენეფიციარები იყვნენ ჩართული. პაშა ბანკი სამომავლოდაც აქტიურად გეგმავს ე.წ. „მწვანე პროექტებში“ ჩართვას,“- განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

„აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება საქართველოში, რაც შემდგომში შესაძლოა გახდეს სტიქიური მოვლენების და სხვა ზიანის მიზეზი. არსებული პრობლემიდან გამომდინარე, ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა თავისი რესურსები პირველ რიგში მიემართა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სოფელ კონდოლში. არსებული პროექტი გამოირჩევა თავისი მრავალფუნქციურობით: აქ როგორც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე ხდება მუშაობა, ასევე პრაქტიკაში ერთვებიან ახალგაზრდები და თვითონვე იღებენ გამწვანებაში მონაწილეობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს.“ - განაცხადა როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ჩარტერ პრეზიდენტმა, ბიძინა ქუმსიაშვილმა.