აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის შეფასებით, ქუთაისის სარკინიგზო გზისა და სადგურის პროექტი განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. ზურაბ პატარაძე, მთავრობის წევრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტის საშუალებით ზღვის კურორტებზე უამრავი ტურისტი ჩამოდის.
”ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული ამ პროექტით. იგი მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი აჭარის რეგიონისთვის. სულ მალე იწყება ტურისტული სეზონი აჭარაში. ქუთაისის აეროპორტის საშუალებით ზღვის კურორტებზე უამრავი ტურისტი ჩამოდის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავტვირთოთ ჩვენი რეგიონი და კიდევ უფრო გავზარდოთ ქუთაისიდან შემოსული ტურისტების ნაკადი, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი და იგი აუცილებლად მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რეგიონს უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს და განვითარებას“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ყველა მგზავრს, ყველა ტურისტს შეეძლება აჭარის საზღვაო კურორტებზე და საქართველოს სხვა კუთხეებში ჩავიდეს კომფორტული და თანამედროვე რკინიგზით. როგორც აჭარის მთავრობაში აღნიშნავენ, ქუთაისის აეროპორტიდან ტურისტების მოზიდვისა და რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, ავიაკომპანია Wizzair-ის მგზავრები საბორტო ჟურნალში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო სტატიას, „ბათუმი ოთხი სეზონის ქალაქია“ („Batumi a city for all seasons”) წაიკითხავენ.