ქართულ ბაზარზე პირველი ადგილობრივი წარმოების ველოსიპედი გამოჩნდება

ახალგაზრდა ველომოყვარულები პირველი ქართული ველოსიპედის სერიულ წარმოებას იწყებენ.

პროექტი უკვე მზად არის, შექმნილია პროტოტიპიც. ბაზარზე ინოვაციური ველოსიპედი 2017 წლის სექტემბრიდან გამოჩნდება. ბიზნესიდეის ავტორი ბექა კიკნაველიძეა. ბექა ამჟამადაც ველოსიპედების იმპორტიორ კომპანიას bikes.ge-ს ხელმძღვანელობს. ახალ პროექტს bikes.ge-ს შვილობილი კომპანია Georgian Bicycle Group-ი განახორციელებს.

როგორც ბექა კიკნაველიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სტარტაპი Georgian Bicycle Group ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა. ამჟამად გუნდის წევრები იდეის შემუშავებისა და დახვეწის ეტაპზე არიან. კომპანია დასაწყისში ქალაქის, შემდეგ ეტაპზე კი სამთო ველოსიპედებს დაამზადებს. უკვე შექმნილია კონკრეტული მოდელი, რომელიც ტესტირებებს გადის.bpn

„პროექტი ერთმნიშვნელოვნად ინოვაციურია. დღეისთვის ველოინდუსტრიაში სამი ზომის თვალი არსებობს. 26, 27,5 და 29 ინჩიანი. თითეული სხვადასხვა სახის ველოსიპედს მიესადაგება. მაგრამ, აუცილებელია, რომ ველოსიპედის ორივე თვალი იდენტური ზომის იყოს. ამის გამო ხშირად მომხმარებლებს უწევთ ჩარჩოს, ან თავად ველოსიპედის გამოცვლა. ჩვენს შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ინოვაციურ მიდგომასთან. ქართული ველოსიპედის უპირატესობა გახლავთ ის, რომ კონკრეტულ სახეობაზე შესაძლებელი იქნება სამიდან ნებისმიერი ზომის თვლის დამაგრება ისე, რომ არ დაირღვევა გეომეტრიული წონასწორობა,“-აღნიშნა ბექა კიკნაველიძემ.

ქართული ველოსიპედების ქარხანა თბილისში განთავსდება და სრულად ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. კომპანიის თანამშრომლებს მასტერკლასებს გერმანელი, გამოცდილი ინჟინრები და მექანიკოსები ჩაუტარებენ. როგორც ბექა კიკნაველიძე აცხადებს, Georgian Bicycle Group არ აპირებს მაღაზიების გახსნას. პროდუქციის რეალიზაცია ონლაინ შეკვეთის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

Georgian Bicycle Group ქართული წარმოების ველოსიპედების ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.bpn კომპანია პირველ ეტაპზე სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საექსპორტო ბაზრების ათვისებას აპირებს.

„ამ კონკრეტულ ქვეყნებში ჯერჯერობით ველოინდუსტრია განვითარებული არაა. ასე რომ, ჩვენ ბაზარზე დამკვიდრების მაღალი შანსი ნამდვილად გვაქვს,“-აღნიშნა Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა ბექა კიკნაველიძემ.

იდეის ავტორის განმარტებით, ქართული წარმოების ველოსიპედები იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში კონკურენტული იქნება როგორც ფასით, ისე ხარისხით.

რაც შეეხება BIKES.GE-ს, კომპანია ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. ამ ეტაპზე თბილისში BIKES.GE-ს ორი მაღაზიაა. კომპანია დედაქალაქის მასშტაბით მაღაზიათა ქსელის გაფართოებას გეგმავს. ახლო მომავალში BIKES.GE-ს ფილიალები გაიხსნება ბაკურიანში, ქუთაისსა და ბათუმშიც.

BIKES.GE გერმანული და სლოვაკური ველოსიპედების იმპორტს ახორციელებს. მაღაზიაში

bpn

ველოსიპედების ფასები საშუალოდ 200-500 ევრო ღირს. BIKES.GE -ში მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ტიპის ველოსიპედის შეძენა: მთის, ქალაქის, ბავშვის, ქალის, სტანდარტული და ელექტრო. კომპანიაში ველოსიპედებისთვის საჭირო ყველა აქსესუარიც იყიდება. ასევე მომხმარებელს BIKES.GE გაქირავების სერვისით სარგებლობასაც სთავაზობს. 

როგორც ბექა კიკნაველიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საქართველოში სტარტაპის შექმნა და ბიზნესიდეის განხორციელება საკმაოდ მარტივია, თუმცა ახალგაზრდა ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ დამწყებ კომპანიებს უფრო ლიბერალური გადასახადები და მოქნილი პირობები უნდა შესთავაზოს. ბექა კიკნაველიძის განცხადებით, ფინანსური თუ არაფინანსური მხარდაჭერა სტარტაპისთვის ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

#გვეამაყები #სტარტაპერი

ავტორი: ქრისტინე გამთენაძე

ფოტოები: ADvan./ედვენი