ნოდარ ხადური: 2014 წლისთვის პროგნოზირებული 5%-იანი ზრდა აბსოლუტურად რეალისტურია

ხელისუფლების პრიორიტეტია, ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახებოდეს - განაცხადა დღეს "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკაში გამოკვეთილ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2013 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად, წინა წლის ოქტომბრიდან ტენდენცია შეიცვალა და ეკონომიკური ზრდა ოქტომბერში 4.4%, ნოემბერში - 8.0%, ხოლო დეკემბერში - 8.8% იყო. ამასთან, წინასწარი შეფასებით, 2013 წელს ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 3.2% შეადგინა. მინისტრის განცხადებით, გასული წლის ბოლო კვარტლის ზრდის ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წლის დასაწყისიდანაც და იანვარში ეკონომიკური ზრდა 7.8% იყო.

მინისტრის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა და 761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტი გაიზარდა 14%-ით (224 მლნ აშშ დოლარი) და იმპორტი - 15%-ით (538 აშშ დოლარი).

ნოდარ ხადურის ცნობით, 2014 წლის იანვარ-თებერვალში გადასახადების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 982,9 მლნ ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში 13,0%-ით (112.9 მლნ ლარი) მეტია. როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, ამ მატებიდან 65,3 მლნ ლარი იანვრის თვეზე მოდის, ხოლო 47,5 მლნ ლარი თებერვალზე.

ასევე, მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის იანვარში, 2013 წლის იანვართან შედარებით, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და 3.567 მლრდ ლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, სოფლის მეურნეობა გაიზარდა 84,0%-ით, მშენებლობა 43,0%-ით, კომუნალური მომსახურების გაწევა 30,0%-ით, ხოლო სამთო მოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა - 12,0%-ით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ზრდის ტემპის ასეთი გამოცოცხლების ფონზე, 2014 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა აბსოლუტურად რეალისტურია, შეიძლება ითქვას კონსერვატულიც.

"თუმცა, ხელისუფლების პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები არა მხოლოდ ციფრებისა და მაჩვენებლების დონეზე რჩებოდეს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ის მიხედვით, 2004 წელს 116-ე ადგილზე იყო, ხოლო 2012 წლისათვის ქვეყნის პოზიცია მხოლოდ ერთი ადგილით გაუმჯობესდა და 115-ზე გადავიდა, არამედ ეკონომიკური ზრდა აისახებოდეს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.